ინჰალანტები

დასახელება: ინჰალანტები

ალტერნატიული დასახელებები: Poppers, snappers, whippets, laughing gas

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: დეპრესანტი

მოხმარების გზები: შეყნოსვა ცხვირით ან პირით (კონტეინერებიდან ორთქლის შეყნოსვა); აეროზოლის შესხურება პირდაპირ ცხვირში ან პირში; პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკში მოთავსებული ნივთიერებების ორთქლის შეყნოსვა ან ინჰალაცია; ინჰალანტით გაჟღენთილი ტილოდან შესუნთქვა; აზოტის ოქსიდით სავსე ბალონიდან ინჰალაცია.

ინჰალანტები არის სხვადასხვა პროდუქტები, რომლებიც თავისუფლად იყიდება და მოიპოვება სახლში ან სამუშაო ადგილზე - როგორიცაა შესასხურებელი საღებავები, მარკერები, წებო და დასუფთავების სითხეები. ისინი შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნია ფსიქოაქტიური თვისებები, როდესაც ინჰალაციის გზით ხდება მათი მოხმარება. ადამიანები არ თვლიან ამ საშუალებებს ნარკოტიკულ საშუალებად, რადგან ისინი არ არის განზრახული კონკრეტულად თრობისთვის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იყენებს მათ სწორედ ამ მიზნით. ინჰალანტები უმეტესად გამოიყენება პატარა ბავშვების და თინეიჯერების მიერ და არის ერთადერთი კლასი ნივთიერებებისა, რომლებიც უფრო მეტად უმცროსების მიერ მოიხმარება, ვიდრე უფროსი თინეიჯერების მიერ.

ინჰალანტების ძირითადი ტიპებია:

აქროლადი გამხსნელები - სითხეები, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე ორთქლდება. ისინი გვხვდება მრავალი, იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტის სახით, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მიზნებისთვის. მათ შორის საღებავის წამშლელები, მშრალადწმენდის სითხეები, ბენზინი, წებო, კორექციის სითხეები (კორექტორები) და ფლომასტერები.

აეროზოლები - შესასხურებელი ხსნარები (სპრეი).

აირები - მოიცავს სამედიცინო ანესთეტიკებს, ასევე აირებს, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო ან კომერციულ პროდუქტებში. მაგ., ბუტანის სანთებელა, პროპანის ცისტერენები და გამაციებელი საშუალებები (მაცივრები).

ნიტრიტები (გულმკერდის ტკივილისთვის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები) - სხვა ინჰალანტებისაგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს ზეგავლენას, ნიტრიტები პირდაპირ ახდენს გავლენას სისხლძარღვების გაგანიერებაზე და კუნთების მოდუნებაზე. მაშინ, როცა ინჰალანტები გამოიყენება გუნება-განწყობილების შესაცვლელად, ნიტრირები გამოიყენება, როგორც სექსუალური გამაძლიერებლები. საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „პოპერსები“ (poppers) ან „სნეპერსები“ (snappers).

ზოგადად, ინჰალანტების ავადმომხმარებლები მოიხმარენ ნებისმიერ ხელმისაწვდომ საშუალებას. თუმცა, ცალკეული ინჰალანტების მიერ გამოწვეული ეფექტები განსხვავდება და ზოგიერთი მომხმარებელი ცდილობს მიიღოს მისთვის საყვარელი ინჰალანტი.

ეფექტები

ფსიქიკური ეფექტები:

● მცირე დოზებით მოხმარების შემთხვევაში მომხმარებელი წააგავს ალკოჰოლით მთვრალ ადამიანს. შესაძლოა, ადამიანმა თავი იგრძნოს თავდაპირველად მშვიდად, დაეუფლოს ძალაუფლების შეგრძნება, იცინოს. რასაც მოჰყვება დეზორიენტაცია (გაურკვევლობა სად არის და რა ხდება მის გარშემო);

● ჰალუცინაციები (ხშირად ინჰალანტის მომხმარებელი ბავშვები თრობის მდგომარეობაში ხედავენ მულტფილმებს);

● კონცენტრაციის გაძნელება;

● ძილიანობა;

● შფოთვა;

● გულისრევა;

● თუკი საკმარისი ოდენობაა მიღებული, თითქმის ყველა გამხსნელი და აირი იწვევს ანესთეზიას - მგრძნობელობის დაკარგვას - და შესაძლოა გამოიწვიოს უგონო მდგომარეობა;

● აგრესიული განწყობა;

● აპათია;

● დაქვეითებული განსჯის უნარი;

● თავბრუსხვევა;

● ძილიანობა;

● გაუგებარი მეტყველება;

● ლეთარგია (ღრმა ძილი);

● დეპრესია.

ფიზიკური ეფექტები:

● ინჰილირებული ნიტრიტები აფართოებს სისხლძარღვებს;

● ზრდის გულისცემის სიხშირეს და იწვევს სითბოს შეგრძნებასა და აგზნებას, რომელიც რამდენიმე წამი გრძელდება;

● ადამიანი წააგავს ალკოჰოლით მთვრალს და ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა ან ძირს დაცემა;

● კუნთების ზოგადი სისუსტე და სტუპორი (სრული მოტორული შეკავება);

● სუნთქვის გაძნელება;

● კრუნჩხვა;

● გრძელვადიან პერსპექტივაში მოხმარების შემთხვევაში ვითარდება ტვინის უბნების დაზიანებები, ზიანდება ღვიძლი, თირკმელი;

● ხშირად მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი ცხვირიდან სისხლდენას;

● ცხვირში და პირში შიგნითა ან გარე მხრიდან ჭრილობები;

● სახის უეცარი გაწითლება;

● თავისტკივილი.

დამოკიდებულების პოტენციალი: ინჰალანტების რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოლერანტობის განვითარება. გრძელვადიანი მოხმარების შედეგად შესაძლოა, განვითარდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

რისკები

● რადგან ინტოქსიკაცია მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, ავადმომხმარებლები ცდილობენ ეფექტის გახანგრძლივებას რამდენიმე საათის განმავლობაში განმეორებითი ინჰალაციის გზით, რაც ძალიან სახიფათო პრაქტიკაა;

● ინჰალაციის შედეგად, მომხმარებლებმა შესაძლოა ცნობიერი მდგომარეობა დაკარგონ, ასევე, ამას შესაძლოა მოჰყვეს სიკვდილი;

● ინჰალანტების მოხმარებასთან დაკავშირებულია ზედოზირების რისკი. ზედოზირების მდგომარეობა დგება მაშინ, როდესაც მომხმარებელი იღებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას და აქვს ტოქსიკური შედეგი, რომელიც სერიოზულ, სახიფათო სიმპტომებს (თავბრუსხვევა, დიარეა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კომა და ა.შ.) ან სიკვდილსაც კი იწვევს. აღნიშნულმა სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და კომა. ბევრი გამხსნელი და აეროზოლის სპრეი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ქიმიკატების დიდ დოზას უამრავ აქტიურ ინგრედიენტთან ერთად. აღნიშნული პროდუქტების შეყნოსვამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება რამდენიმე წუთში. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც „შეყნოსვით უცაბედი სიკვდილი“. შესაძლოა შეემთხვას ჯანმრთელ ახალგაზრდა პირს, რომელმაც პირველად მოიხმარა ინჰალანტი;

● ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკით ან დახურულ სივრცეში ინჰალანტის მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი ასფიქსიისგან (სუნთქვის შეუძლებლობა);

● ორსულობის დროს ინჰალანტის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს: ახალშობილის მცირე წონა; ძვლის პრობლემები; თავის ტვინის პრობლემების გამო შეფერხებული ქცევითი განვითარება; შეცვლილი მეტაბოლიზმი და სხეულის სტრუქტურა;

● გარდა ამისა, ვინაიდან, ნიტრიტები ავადმოიხმარება სექსუალური სიამოვნების მისაღებად, ამას შესაძლოა მოჰყვეს დაუცველი სქესობრივი კავშირები ან სხვა სარისკო ქცევები. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების რისკს;

● ნიტრიტების მოხმარებასთან კი დაკავშირებულია პნევმონიის განვითარების რისკი.

რისკის შემცირება

● არ მოიხმარო მარტომ ინჰალანტები, განსაკუთრებით პატარა სივრცეში (მაგ. ტუალეტი) და ეცადე მოძებნო უსაფრთხო ადგილი;

● არ გამოიყენო პოლიეთილენის პარკები, გამოიყენე ქაღალდის ყუთები, რომლებიც ნაკლებად სახიფათოა;

● პატარა ზომის პარკი უკეთესია, ვიდრე დიდი ზომის, რათა აირიდო გაგუდვის რისკი;

● ინჰალანტების შესუნთქვის მომენტში არ მოწიო, რადგან მოხმარებული ნივთიერება ადვილად აალდება;

● ერიდე ინჰალანტის მოხმარების შემდეგ ვარჯიშს. მოხმარების შემდეგ ფიზიკურმა დატვირთვამ, მაგალითად, გაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი;

● არ მოიხმარო ინჰალანტებთან ერთად ალკოჰოლი ან სხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც ზრდის ზედოზირების რისკს.

თუკი ცუდად გრძნობ თავს ან შენი მეგობარი ვინც მოიხმარა ცუდად გრძნობს თავს, აუცილებლად გამოიძახე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმს აუცილებელია უთხრა, რომ პირმა მოიხმარა ინჰალანტი, რათა დახმარება აღმოუჩინონ.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ზედოზირების ნიშნებია: უგონო მდგომარეობაშია, აქვს სუნთქვის გაძნელება ან არ სუნთქავს, აქვს ლურჯი კანი, მშრალი კანი ან გაწითლებული თვალები.

თუკი ადამიანი გონზე იმყოფება:

● თუკი დახურულ სივრცეში ხარ, გამოაღე კარები და ფანჯრები. უზრუნველყავი სუფთა ჰაერის ქონა;

● მოაშორე ასანთი და არ მოწიო, რათა არ აალდეს ინჰალანტი;

● ეცადე დაამშვიდო ადამიანი, არ დაუყვირო ან დაედევნო (გაქცევის მცდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ფიზიკური დატვირთვის გამო);

● დარჩი მასთან, სანამ ბოლომდე არ გამოვა მდგომარეობიდან და არ მოშორდე;

● თუ ადამიანი ვერ გამოდის მდგომარეობიდან, გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუკი ადამიანი არ იმყოფება გონზე:

● გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

● მოხმარებული ინჰალანტი გადაეცი სასწრაფო დახმარების ექიმს, ის შეიძლება დასჭირდეთ გამოკვლევისთვის;

● დარწმუნდი, რომ საკმარისი ჰაერი არის ოთახში;

● სანამ დასახმარებლად მოვლენ, დააწვინე ადამიანი უსაფრთხო პოზაში, რათა თავიდან აიცილო პირნაღები მასით დახრჩობა;