ბიო მარიხუანა

დასახელება: ბიო-მარიხუანა, სინთეზური კანაბინოიდები

ალტერნატიული დასახელებები: “შოკოლადი”, “K2,” “Spice”, “გიჟი ჯოკერი”, “პანდორა”, “ვერტექსი”.

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ჰალუცინოგენი.

მოხმარების გზები: თამბაქოსთან შერეულს ეწევიან, ხარშავენ ჩაის სახით და სვამენ, ასევე გამოიყენება სითხე ელექტრო სიგარეტებში მოწევა-აორთქლების მიზნით.

მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს, კერძოდ კი, სინთეზურ კანაბინოიდებს (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „სპაისებს“). ბიო - ამ სახელს მხოლოდ საქართველოში ვიცნობთ, რადგან ქართველებმა შეარქვეს თითქოს მათი ბუნებრივი წარმოშობის გამო, თუმცა ყველა სახის ე.წ. “ბიო” სინთეზურია, ანუ ფარულ ლაბორატორიებში სინთეზის გზით მიღებული ფსიქოაქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც სინთეზურ კანაბინოიდებს ვუწოდებთ. სინთეზური კანაბინოიდები ადამიანის მიერ შექმნილი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ემატება (ხშირად ეფრქვევა, შეშხაპუნების სახით) მცენარეებს - ფოთლებს (და არა მარიხუანას, როგორც ეს ბევრს ჰგონია). სინთეზურ კანაბინოიდებს შეუძლიათ THC მსგავსი მოქმედების იმიტირება. THC ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ნატურალური მცენარის (კანაფის, პლანის, იგივე მარიხუანას) შემადგენლობაში შემავალი ფსიქოაქტიური მოქმედების მქონე ძირითადი ნივთიერება, რომელთანაც არის დაკავშირებული მარიხუანას მოწევით გამოწვეული ფსიქოტროპული ეფექტები. სინთეზური კანაბინოიდები THC შემცველი მარიხუანას მოქმედებას 2-დან 200 ჯერ აღემატება და ძლიერი ტოქსიკურობით ხასიათდება. ორიგინალური ფხვნილი თეთრი ფერისაა, რომელიც იხსნება სპირტში და ეფრქვევა სუბსტრატს. გაყიდვაში ძირითადად არის მცენარეული ნაკრების - ფოთლების სახით, რომელსაც მოფრქვეული აქვს მოქმედი ნივთიერება (სინთეზური კანაბინოიდი). ძირითადად გარვცელებულია მცენარეული ნაკრების სახით.

ეფექტები

დღესდღეობით სინთეზური კანაბინოიდების ეფექტების შესახებ ძალიან ცოტა სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული, თუმცა დადასტურებულია, რომ ბიო-მარიხუანა უფრო ძლიერად მოქმედებს კანაბინოიდურ რეცეპტორებზე, ვიდრე მარიხუანა და გაცილებით ძლიერი ეფექტი აქვს, მისი მოქმედების შედეგები გაცილებით სახიფათო შეიძლება იყოს.

ბიო-მარიხუანას ახასიათებს, როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტები:

სიმპტომების განვითარება ინდივიდუალურია, მათი სპექტრი და სიმწვავე შესაძლოა მნიშვნელოვნად ვარირებდეს მომხმარებლიდან მომხმარებლამდე, და დამოკიდებულია პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ მახასიათებლებზე, განწყობაზე, ნარკოტიკის დოზაზე, გარემოსა და სხვა ფაქტორებზე.

ფსიქოლოგიური ეფექტები

• რელაქსაცია;

• ამაღლებული გუნება-განწყობა;

• თავშეკავების გაქრობა (დისინჰიბიცია);

• ენერგიის მოზღვავება;

• ეიფორია;

• მეხსიერების პრობლემები;

• შფოთვა;

• ფსიქოზის ტიპის სიმპტომები - ბოდვა ან არათანმიმდევრული აზროვნება, რომელიც მოწყვეტილია რეალობას, ძლიერი აღგზნება, გარემო პირობების და ობიექტების აღქმის დარღვევა;

• უკიდურესი მოუსვენრობა;

• გაურკვევლობა;

• პარანოია - სხვების უკიდურესი და დაუსაბუთებელი უნდობლობა;

• სუიციდური (თავის მოკვლის) ფიქრები;

• მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები.

ფიზიკური ეფექტები

• მატულობს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე;

• შენელებული მეტყველება;

• წყურვილის და შიმშილის შეგრძნება;

• კანის სიწითლე;

• სიმხურვალე თვალებში;

• პირის სიმშრალე;

• თავის ტკივილი

• შენელებული მოტორული კოორდინაცია;

• თავბრუსხვევა;

• ვითარდება გულისრევა-ღებინება;

• კატატონია (უცნაური და მოუხერხებელი პოზა);

• კანაფისგან განსხვავებით, ბიო-მარიხუანის მომხმარებლები აღნიშნავენ ნაბახუსევობის მსგავს მდგომარეობას.

ეფექტური დოზა: ეფექტების მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება. ეფექტის მისაღებად საკმარისი დოზა შეიძლება იყოს 1 მგ-ზე ნაკლებიც კი. 0.3 გრ. ბიო მარიხუანის მოწევა-აორთქლების გზით მოხმარება 10 წუთის შემდეგ იწვევს გუნება-განწყობის, აღქმის და კოგნიტური ფუნქციების მსუბუქ ან ზომიერ ცვლილებებს. კანაფის მსგავსად, ბიო-მარიხუანის ეფექტები იწყება მიღებიდან 10 წთ-ში და ქრება მოხმარებიდან 2-6 სთ-ში. გრძელვადიან ეფექტებთან დაკავშირებით კვლევები არ არის ჩატარებული. ირკვევა, რომ მომხმარებლები სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებისას ეყრდნობიან კანაფის დოზირების და უსაფრთხოების წესებს, რაც არასწორია. სინთეზური კანაბინოიდები გაცილებით ძლიერად მოქმედებს, ვიდრე კანაფი.

დამოკიდებულების პოტენციალი: ტოლერანტობის სწრაფი განვითარების გამო, სინთეზურ კანაბინოიდებს დამოკიდებულების უფრო მაღალი პოტენციალი აქვს, ვიდრე კანაფს. აღკვეთის სიმპტომებიდან ყველაზე გავრცელებულია თავის ტკივილი, შფოთვა, ხველა, ინსომნია (უძილობა), გაღიზიანება/ბრაზი, მოუთმენლობა, კონცენტრირების გაძნელება, მოუსვენრობა, გულისრევა და დეპრესია. სინთეზურ კანაბინოიდებს ხშირად იყენებენ კანაფისგან გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

რისკები

შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია. მწვავე ინტოქსიკაციის დროს სახეზეა შემდეგი ნიშნები (ე.წ „ზომბის“ ნიშნები):

• ცარიელი მზერა/გამოხედვა, შენელებული რეაგირება;

• ნორმალური სასიცოცხლო ნიშნები შენარჩუნებულია (სუნთქვა წუთში 12-18, პულსი წუთში 60-100, სხეულის ტემპერატურა 36.50-370C);

• თვალის გუგები ნორმალური ზომის;

• ლეთარგია (მომატებული ძილიანობა, მოდუნება, აპათია);

• ხმამაღალი კვნესა;

• მექანიკური მოძრაობები.

რისკის შემცირება

არ არსებობს ბიო-მარიხუანის მოხმარების უსაფრთხო გზა, რადგან მარიხუანასგან განსხვავებით, ის გაცილებით უფრო სახიფათოა და მისი შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. თუმცა ქვემოთ შემოთავაზებულია ბიო-მარიხუანისგან გამოწვეული ზიანის შემცირების სტრატეგიები:

• არ დაიწყო მოხმარება დიდი დოზით, დაიწყე ძალიან მცირე დოზით და ყოველი ახალი პაკეტის გახსნისას დოზა გატესტე. ყოველ პაკეტში არსებული ბიო-მარიხუანის მოქმედების სიძლიერე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

• არ არის რეკომენდებული დამატებითი დოზის მიღება მანამ, სანამ უკვე დამდგარი ეფექტების მოქმედება არ გადაივლის.

• თუ ბიო-მარიხუანას ეწევი ე.წ joint-ის სახით, გამოიყენე რაც შეიძლება თხელი სიგარეტის ქაღალდი და ერიდე პრინტის მქონე ქაღალდის გამოყენებას. ბიო-მარიხუანის მოწევა უმჯობესია თამბაქოსთან ან სხვა გამომშრალ მცენარესთან ერთად.

• არ მოიხმარო კანაფთან, სტიმულატორებთან, მედიკამენტთან ან ალკოჰოლთან ერთად. ეს ზრდის გულის პრობლემის რისკს.

• ყურადღებით იყავი ვაპორაიზერით მოხმარებისას დოზის შერჩევასთან. არ არის რეკომენდებული ხის ან პლასტმასის მილის გამოყენება. უმჯობესია გამოიყენო შუშის ან ფოლადის მილი.

• ბიო-მარიხუანა ამწვავებს შფოთვასა და პარანოიას, ამიტომ უმჯობესია მოხმარება ისეთ გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ენდობი.

• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ან შფოთვის მქონე პირებმა უმჯობესია საერთოდ არ მოიხმარონ ბიო-მარიხუანა.

• ბიო-მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა არ არის რეკომენდებული.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ბიო-მარიხუანით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციის დროს:

• გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

• არ დატოვოთ ადამიანი უმეთვალყურეოდ, რადგან, ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს სუნთქვა;

• აკონტროლეთ მისი სუნთქვა და ცნობიერება (პასუხობს თქვენს კითხვებს თუ არა);

• არ მოათავსოთ ზედოზირებული ცივი წყლის აბაზანაში - ის შეიძლება უბრალოდ დაიხრჩოს;

• არ გამოიწვიოთ პირღებინება, რადგან შეიძლება მოხდეს პირნაღები მასით სასუნთქი გზების დახშობა;

• ნუ მისცემთ საკვებს და სასმელს, მითუფრო ალკოჰოლს, ყავას ან ჩაის, რადგან შეიძლება განვითარდეს პირღებინება;

• არ გაუკეთოთ მარილიანი წყლის ინექცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.