კოკაინი
დასახელება: კოკაინი
ალტერნატიული დასახელებები: coke, sos, sosa, charlie, blow, crack, base coke, free base
ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: სტიმულატორი
მოხმარების გზები: კოკაინის ფხვნილი, როგორც წესი, ცხვირით შეიყნოსება, მაგრამ, ასევე, შეიძლება მისი ინექციურად მოხმარებაც - იხსნება წყალში. კრეკს ეწევიან წყლის მილით ან სპეციალური კრეკის მილით.
კოკაინი დამზადებულია მცენარე კოკას ფოთლებისგან, რომლის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ჯანდაცვის სპეციალისტებმა გამოიყენონ იგი სამედიცინო მიზნით, როგორიცაა ადგილობრივი ანესთეზია ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციისას, კოკაინი არალეგალური ნარკოტიკული საშუალებაა. კოკაინი ჰგავს თეთრ, კრისტალურ ფხვნილს. ქუჩის დილერები ხშირად ურევენ მას სიმინდის ფქვილს, ტალკის ფხვნილს ან ხორბლის ფქვილს, ფინანსური მოგების გასაზრდელად. ასევე შესაძლოა მას ურევდნენ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც, მაგალითად, ამფეტამინს. სტანდარტულად კოკაინის მოწევა შეუძლებელია (რადგანაც ის არის მარილის ფორმით, რომელიც მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ორთქლდება). იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს კოკაინის მოწევა, მისგან ამზადებენ ფუძე ფორმას - კრეკს. კრეკს, კოკაინისგან განსხვავებით, გააჩნია ბევრად უფრო ნაკლები ხანგრძლივობის მოქმედება და უფრო სწრაფად იწვევს დამოკიდებულებას.
ეფექტები
კოკაინს თავის ტვინზე მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ენერგია, ეიფორია, მღელვარება და სიცხადე არის უპირველესი ეფექტები. ისინი ერთ საათამდე გრძელდება. კოკაინი არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი განცდების გამოსაწვევად: ადამიანი თავს გრძნობს ძლიერად, აქტიურად და სავსეა თავდაჯერებულობით.
კოკაინისგან განსხვავებით, კრეკს მეტად მწვავე ეფექტები აქვს და ამავდროულად უფრო ხანმოკლე - ხუთიდან ათ წუთამდე.
რ ი ს კ ე ბ ი
ხანმოკლე რისკები
● კოკაინის მოხმარების შედეგად, ძალების მოზღვავება იწვევს გადაღლილობას, შიმშილსა და წყურვილს. თუმცა, ადამიანი ვერ ხვდება, რომ ორგანიზმი გადატვირთულია. ამას შესაძლოა მოჰყვეს გამოფიტვა;
● მოხმარების დროს შეიძლება იჩინოს თავი გახშირებულმა გულისცემამ, არტერიულმა წნევის მატებამ და გულის შეტევამ;
● კოკაინის მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაუცველი სქესობრივი კავშირები, ავტოსაგზაო შემთხვევები.
გრძელვადიანი რისკები
● სურდო, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცხვირით ფრუტუნი;
● ქრონიკულ მოხმარებას შეუძლია ცხვირის ქსოვილების მოსპობა და რიგ შემთხვევაში, ნესტოების გამყოფი ძგიდის დაზიანება;
● თავშეკვავების უნარისგან გათავისუფლების გამო, კოკაინის მოხმარება დაკავშირებულია მომატებულ აგრესიასა და ძალადობასთან, განსაკუთრებით მათში, ვინც ძალადობისკენ მიდრეკილია;
● კოკაინის რეგულარულმა ან გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს შიშები (მაგ. დაეჭვება ან ეჭვიანობა) და დელუზიები (მაგ. კანზე მცოცავი ცოცხალი არსებების დანახვა);
● მომხმარებლები განიცდიან მოუსვენრობას;
● რეგულარულად აწუხებთ ცხვირიდან სისხლდენა;
● ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, კოკაინის ხანგრძლივად მოხმარება ყველაზე მეტად კარდიოვასკულურ (გულ-სისხლძარღვთა) სისტემას აზიანებს. კოკაინის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის რიტმის დარღვევები, ზრდის გულის შეტევის რისკს, იმის მიხედვით, დიდი ოდენობით და უფრო ხანგრძლივად მოიხმარება თუ არა;
ეფექტური დოზა: კოკაინის ეფექტები მყისიერად დგება და გრძელდება 1-1.5 საათამდე და დამოკიდებულია კოკაინის მოხმარების მეთოდსა და რაოდენობაზე. მსუბუქი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია 20-50 მგ-ით, ხოლო 100-150 ძლიერი ეფექტების გამომწვევია, 150+ კი უკვე ძალიან ძლიერი ეფექტების გამომწვევია.
დამოკიდებულების პოტენციალი: ორგანიზმი ეჩვევა კოკაინს ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ და მომხმარებელს სჭირდება მეტი და მეტი დოზა, რომ იგივე ეფექტი მიიღოს (ტოლერანტობა). ამას მოსდევს ლტოლვა: მომხმარებლებს სურთ, მიიღონ იგივე ეფექტი და აქვთ ძლიერი სურვილი, რომ ხელახლა მოიხმარონ. მომხმარებელთა 17%-ს შესაძლოა განუვითარდეს დამოკიდებულება (Estimated probability of drug dependency among drug users by drug group, anthony JC. Warner LA, Kessler RC, 1994). კოკაინს აქვს ფიზიკური და ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი. კრეკის მოხმარების დროს პრობლემების განვითარების ალბათობა კიდევ უფრო დიდია. დოზის გაზრდისკენ ლტოლვა კიდევ უფრო ძლიერია, რადგან კოკაინთან შედარებით, კრეკის ეფექტი უფრო ხანმოკლე და მეტად ინტენსიურია.
რისკის შემცირება
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ყოველთვის შეიცავს რისკებს. ვისაც არ უნდა რისკის წინაშე ყოფნა, უმჯობესია, არ მოიხმაროს. თუ ყველაფრისდამიუხედავად, კოკაინის მოხმარებას ირჩევთ, სცადეთ შეამციროთ რისკები იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია:
კოკაინის მოხმარებამდე
● წინასწარ გქონდეს შერჩეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პერიოდები;
● მიიღე ვიტამინები და მიირთვი ჯანსაღი საკვები. კოკაინი აქვეითებს იმუნურ სისტემას და არღვევს ვიტამინების ბალანსს;
● იცოდე, რომ ზოგიერთი ადამიანი არის დამატებითი რისკის ქვეშ და არ არის რეკომენდებული მოიხმაროს კოკაინი. ეს ეხება, მაგალითად, იმ ადამიანებს, ვისაც მაღალი არტერიული წნევა ან გულისცემის მაღალი სიხშირე აქვთ, ეპილეფსიის ან დიაბეტის მქონე ადამიანებს და ფსიქოლოგიურად მოწყვლად პირებს;
მოხმარების დროს
● მოიხმარე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად და ფსიქიკურად კარგად გრძნობ თავს;
● ნუ ეცდები მოხმარებას, თუკი ხარ მარტო. რადგან, თუ ცუდად გახდები, ვერავინ დაგეხმარება;
● არასოდეს გაიზიარო სხვა მომხმარებლის საინექციო ინსტრუმენტები. ამით აიცილებ აივის, B და C ჰეპატიტებით ინფიცირების რისკებს;
● სიფრთხილისთვის მოიხმარე მხოლოდ მცირე რაოდენობა ყოველი ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში. არასდროს იცი, თუ რამდენად სუფთაა ახალი კოკაინი, უცვლელი დილერის შემთხვევაშიც კი, ხარისხები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს;
● ერიდე კოკაინთან ერთად ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას. თუკი კოკაინს მოიხმარ ალკოჰოლის დიდი ოდენობის მიღების შემდეგ ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ, შესაძლოა უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდე ან მალევე გახშირებული გულისცემა განგივითარდეთ;
● არ მოიხმარო კოკაინი, თუკი ხარ ორსულად ან გეგმავ დაორსულებას;
● კოკაინი დაუდევარს (გაუფრთხილებელს) გაგხდის. არ მართო ტრანსპორტი, თუკი მოხმარებული გაქვს კოკაინი;
● თუ კოკაინს ცხვირით იყნოსავ, ფრთხილად იყავი გაზიარებულ (სხვის ნახმარ) მილთან (“ტრუპკასთან”) და წვეტიან საგნებთან. რადგან შესაძლოა გქონდეს ჭრილობა ცხვირზე, რაც აივით, B და C ჰეპატიტებით ინფიცირების საფრთხეს შექმნის.
მოხმარების შემდეგ
● კოკაინის მოხმარება გავლენას ახდენს ორგანიზმის მარაგებზე. საჭიროა საკმარისი დასვენება და კვება ორგანიზმის აღსადგენად;
● კოკაინი აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ვიტამინების შემცველობას. მიიღე ვიტამინები და მიირთვი ჯანსაღი საკვები.
ზედოზირების შემთხვევის მართვა
თუკი პირი იმყოფება კოკაინის ზედოზირების ქვეშ, სახეზეა შემდეგი ნიშნები:
● თვალის გუგები გაფართოებულია;
● აგზნებულია, ასოციაციები აჩქარებულია, სახეზეა აზროვნების აშლილობა, პარანოია;
● გულისცემა გახშირებული და მომატებული სისხლის არტერიული წნევა;
● ადამიანი აგრესიულია, არამდგრადი და აღენიშნება ძალადობრივი ქცევები.
ასეთ დროს აუცილებელია:
● სასწრაფოდ დარეკოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში;
● დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე;
● მიეცით დიაზეპამი 5-10 მგ. მანამ სანამ არ დამშვიდდება;
● ინტოქსიკაციის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ სუიციდურ აზრებსა და მცდელობებს;
● თუ პირს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ჰოსპიტალში;
● მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში შეეცადეთ გააგრილოთ ადამიანი - დაადეთ ყინული, ჩასვით გრილ აბაზანაში (არ მიატოვოთ!), გადაიყვანეთ გრილ ადგილას;
● დაამშვიდეთ, დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება;
● ესაუბრეთ წყნარად და მშვიდად, მაშინაც კი, როდესაც აგრესიულია;
● გადაიყვანეთ მშვიდ ადგილას;
● თუ პიროვნება არის უგონოდ - შეეცადეთ გონზე მოიყვანოთ, დაუძახეთ სახელით, შეაჯანჯღარეთ;
● თუ პასუხს ვერ ღებულობთ - დააწვინეთ პირველადი დახმარების აღმოჩენის პოზიციაში და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.