GHB და GBL

დასახელება: GHB და GBL

ალტერნატიული დასახელებები: ჯი, თხევადი ექსტაზი, თხევადი X, ფანტაზია, Georgie Home Boy, Juice, G; Sodium Oxybate; Xyrem, Alcover

ქიმიური დასახელება: გამა-ჰიდროქსიბუთირატი (GHB) და გამა-ბუთიროლაქტონი (GBL)

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ანესთეზიური მოქმედების ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი

მოხმარების გზები: ძირითადად მოიხმარება პერორალურად (დალევის გზით).

GHB ხშირად გამოიყენება, როგორც „კლუბური ნარკოტიკი“. შავ ბაზარზე იყიდება, როგორც უფერო (ზოგჯერ შესაძლოა შეფერადებული), უსუნო სითხე, რომელსაც მომლაშო ან საპნის გემო აქვს. ხშირად მოთავსებულია კაფსულებში ან მცირე ზომის ფლაკონებში. GHB-ის ზოგიერთი ფორმა თეთრი ფხვნილის სახითაც შეიძლება გავრცელდეს. ხანდახან GHB-ს შეცდომით უწოდებენ თხევად ექსტაზს, თუმცა რეალურად სრულიად განსხვავდება ექსტაზისგან. GBL (გამჭირვალე, უსიამოვნო გემოს მქონე სითხე) GHB-ის მსგავსი მოქმედების ნარკოტიკია განსხვავებული ქიმიური ფორმულით, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სწრაფად გარდაიქმნება GHB-იდ, რაც მის ნარკოტიკულ ეფექტს განაპირობებს. GHB-ის მიღება ხდება პერორალურად (დალევის გზით), ხშირად ალკოჰოლთან და სხვადასხვა სასმელთან ერთად.

GHB-ის, როგორც წესი, მოიხმარენ კლუბურ გარემოში, თუმცა ბოლო წლებში ხშირია სახლში მოხმარების ფაქტებიც. მისი არასწორი სახელის „თხევადი ექსტაზის“ გამო ბევრი ფიქრობს, რომ GHB-ის აქვს ისეთივე ეფექტები, როგორიც სტიმულატორებს, თუმცა GHB დეპრესანტია, რომელსაც ახასიათებს ანესთეზიური (ტკივილის გამაყუჩებელი) მოქმედება. წყალში გახსნილი GHB-ის აღმოჩენა რთულია, რადგან არ აქვს არც სუნი და არც გემო, ასევე, იწვევს სედაციას და ძილიანობას, ამიტომ წვეულების დროს გაუპატიურების ნარკოტიკს (“party rape drug”) უწოდებენ. მისი დოზის განსაზღვრა რთულია გამოცდილი მომხმარებელისთვისაც, რადგან მცირედით განსხვავებული დოზების მიღებისას განსხვავებულ ეფექტებს იწვევს. განსაკუთრებით სარისკოა ალკოჰოლთან ერთად მოხმარება.

ეფექტები

ეფექტები დამოკიდებულია ადამიანის სხეულის წონაზე და მის მგრძნობელობაზე.

ფსიქოლოგიური ეფექტი:

● პატარა დოზის მიღებისას მოსალოდნელია გაბრუება;

● მომხმარებლები გრძნობენ ბედნიერებას, სიმშივიდეს, ეუფლებათ ეიფორია;

● დაბნეულობა;

● მეხსიერების დარღვევა, ამნეზია;

● ჰალუცინაციები;

● ძილიანობის შეგრძნება;

● ქრება შიში და ინჰიბიცია (თავშეკავება) და ხდებიან უფრო მეტად მოლაპარაკეები.

ფიზიკური ეფექტები:

● მომატებული ლიბიდო და სიამოვნების შეგრძნება;

● შემცირებული სხეულის ტემპერატურა (სიცივის შეგრძნება);

● კოორდინაციის დარღვევა;

● სუნთქვის პრობლემა;

● კარდიალური არითმია;

● თავბრუსხვევა;

● თავისტკივილი;

● გულისრევა;

● გაურკვეველი მეტყველება;

● სისუსტის შეგრძნება კუნთებში;

● უკონტროლო ძილიანობა;

● მაღალი დოზით მოხმარებისას ხშირია ღრმა ჩაძინებები და რთულია გამოფხიზლება საათების განმავლობაში.

GHB-ის პოპულარობა ნაწილობრივ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არ ახასიათებს მოხმარების შემდგომი ნაბახუსევობის პერიოდი. GHB ცნობილია, როგორც კომისმაგვარი ძილის გამომწვევი საშუალება მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში. ზედოზირება ხშირია GHB-ის მოხმარებისას, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან ერთად კომბინაციაში მოიხმარენ. შესაძლოა ამ დროს მომხმარებელი ჩავარდეს უგონო მდგომარეობაში ან კომაში და განვითარდეს სერიოზული რესპირატორული (სუნთქვის) პრობლემები.

ეფექტური დოზა: მოქმედება 10-30 წუთში იწყება და 1-3 საათს გრძელდება. არის დაგვიანებული დასაწყისის (40-60 წთ) შემთხვევები, რაც ხშირად იწვევს მომხმარებლის მიერ დამატებითი პორციის ან სხვა ფსიქოტროპული/ნარკოტიკული ნივთიერების მიღებას, რითაც ინტოქსიკაციის რისკი ძლიერდება. მსუბუქი ეფექტის გამოწვევა შეუძლია 0.5-1.5 გრ-ს, მოხმარებლებში ყველაზე გავრცელებული დოზაა 1-2.5 გრ. 3-5 გრ. იწვევს ძლიერ ძილს, ხოლო 5გრ + შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა და ზედოზირება.

დამოკიდებულების პოტენციალი: GHB-ს რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოლერანტობის და როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარება. მისი ინტენსიური მოხმარების შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს აღკვეთის სიმპტომები: ძილის გაძნელება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ტკივილი გულის არეში და დაძაბულობა, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, გარე სტიმულებზე გაზრდილი მგრძნობელობა (ხმა, შუქი, შეხება). სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღიდან 2-3 კვირამდე.

რისკები

GHB-ის დიდი რაოდენობით და გრძელვადიანი მოხმარება იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. პროდუქტის შემადგენლობის განსხვავების გამო და იმის გამო, რომ სასურველი ეფექტის მისაღებად განკუთვნილ დოზასა და ზედოზირების გამომწვევ დოზას შორის ძალიან მცირე განსხვავებაა, GHB სახიფათო ნარკოტიკულ საშუალებადაა ცნობილი.

● GHB-ის შემადგენლობა შესაძლოა იყოს განსხვავებული. მისი გაურკვეველი შემადგენლობა შესაძლოა გახდეს ზედოზირების გამომწვევი.

● GHB-ის ოდნავ მეტი დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია, განვითარდეს უგონო მდგომარეობა და გამოფხიზლება 4-5 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახდეს.

● GHB-ის მოხმარება ჭარბი დოზით ან ალკოჰოლთან ერთად შერევა სახიფათოა, რადგან შესაძლოა ზედოზირება გამოიწვიოს.

● ნუ მიიღებთ თქვენთვის განკუთვნილ ნორმალურ დოზას 3-4-ჯერ დღეში, რადგან შესაძლოა გქონდეთ გულისრევა და უგონო მდგომარეობა განვითარდეს.

● თუ თქვენთვის განკუთვნილ დოზას მიიღებთ დღეში 3-4-ზე ხშირად, იზრდება გარდაცვალების რისკი.

● არასწორი დაშვება, რომ GHB=თხევად ექსტაზს სარისკოა. ექსტაზი სტიმულატორების ჯგუფს მიეკუთვნება, როცა GHB ანესთეზიური მოქმედების დეპრესანტია. მათ ვისაც ეს ორი ნარკოტიკი გაიგივებული აქვს, შესაძლოა ჰქონდეთ არასასურველი ეფექტის მიღების განცდა.

● GHB-ის მოხმარების შემდეგ დარღვეულია კოორდინაციისა და რეაქციის უნარი.

● GHB-ის მოხმარებისას სარისკო ჯგუფებია: კარდიოვასკულარული დაავადებების, ეპილეფსიის, არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა დაავადებების მქონე პირები.

● GHB-ის უწოდებენ „გაუპატიურების ნარკოტიკს“, რადგან მისი მოხმარებისას შესაძლოა ადამიანმა განუზრახველად გადალახოს სექსუალური საზღვრები.

● GHB-ის დიდი რაოდენობით და გრძელვადიანი პერიოდით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომები: ინსომნია, შფოთვა, ეპილეპტიკური შეტევები, დელირიუმი (ფსიქიკის მწვავე მოშლა: ჰალუცინაციები, ილუზიები, დეზორიენტაცია, ზედმეტი აგზნებადობა).

● GHB-ის გრძელვადიანი მოხმარების შედეგად ტვინზე მიყენებული ზიანის შესახებ დღემდე უცნობია. პრობლემური მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აქვთ მეხსიერების პრობლემები. თუმცა გაურკვეველია ეს დაკავშირებულია თუ არა ნამდვილად GHB-ისთან.

რისკის შემცირება

● როდესაც მიიღებ GHB-ის დარწმუნდი, რომ შენმა კომპანიონებმა იციან, რა მოიხმარე, რა დოზით მოიხმარე და ასევე ესმით, რა რისკები ახლავს მის მოხმარებას. თუ GHB-ის მოქმედების დროს თავს შეუძლოდ იგრძნობ, სთხოვე გარშემომყოფებს, რომ გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

● ერიდე GHB-ის მოხმარებას მარტო. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სახიფათოა თუკი შეუსაბამო დოზით მოიხმარ, ამიტომ უკეთესია გვერდით იყვნენ მეგობრები. მნიშვნელოვანია ყურადღებით იყო არალეგალური ნარკოტიკული საშუალების ექსპერიმენტირების დროს, რადგან ხარისხი და დოზირების წესი შესაძლოა იყოს უცნობი;

● რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა GHB-ის დოზის განსაზღვრის პროცესში. აუცილებელია დარწმუნდე, რომ ნარკოტიკულ საშუალებას იღებ სანდო წყაროსგან, ვისაც ენდობი და შეუძლია დაგიმტკიცოს მისი ხარისხი;

● შეამოწმე გაქვს თუ არა ალერგიული რეაქცია ნარკოტიკულ საშუალებაზე. მიიღე ერთჯერადი დოზის 1/8-1/4 ცარიელ კუჭზე (სავსე კუჭი იწვევს ეფექტის გადავადებას). ეფექტის მიხედვით, ეცადე, მიიღო გადაწყვეტილება არის თუ არა GHB შენთვის განკუთვნილი/მისაღები საშუალება. დააკვირდი რამდენიმე საათი (თუ არა რამდენიმე დღე), სანამ ამას გადაწყვეტ. ამის გასაგებად 1-2 საათი არ არის საკმარისი. ჩამოწერე დაკვირვებები, დოზირება, ეფექტების დადგომისათის საჭირო ლოდინის პერიოდი და ეფექტები, რაც განიცადე;

● თუ გადაწყვეტთ, რომ GHB კიდევ უნდა მოიხმარო, გაზარდე დოზა ძალიან პატარა რაოდენობით (თითო მოხმარებაზე ¼-ით) მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება. არ იჩქარო GHB-ის დოზის მომატება ძლიერი ეფექტის მისაღებად;

● GHB-ის ხშირად მოხმარებამ შეიძლება, გამოიწვიოს დოფამინის მოჭარბება, რაც გამოიწვევს არასასიამოვნო ეფექტებს მომდევნო დღეებში. თუ GHB-ის მოხმარების შემდეგ თავს გრძნობ მოდუნებულად, ეცადე, შეამცირო მოხმარების სიხშირე;

● არ მიიღო ალკოჰოლური ან სხვა ტიპის სასმელი იმ ადამიანის ხელიდან, რომელსაც კარგად არ იცნობ, რათა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არ გახდე;

● არ მიიღო GHB ალკოჰოლთან და/ან სხვა ფსიქოტროპულ/ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად, ვინაიდან, ამ დროს იზრდება ზედოზირების რისკი;

● არ მიიღო GHB თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები: გაწუხებს გული, თირკმელი ან ღვიძლი, დაქვეითებული გაქვს იმუნიტეტი, გქონია ეპილეფსიური გულყრები და სხვ.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

GHB-ისგან გამოწვეული ზედოზირების ნიშნებია:

● გულისრევა

● მოძრაობებზე კონტროლის დაკარგვა

● ძლიერი კანკალი ან კრუნჩხვები

● გონების დაკარგვა

● ტკივილის შეგრძნების დაკარგვა (მაგალითად, ძლიერ ჩქმეტაზე არ რეაგირება)

● თვალის გუგების სწრაფი, ჰორიზონტალური მოძრაობა

● ძლიერი ოფლიანობა

● სხეულის დაბალი ტემპერატურა

● იშვიათი (12-10/წუთში) და ზედაპირული სუნთქვა

პირველადი დახმარება ზედოზირებისას

● არ დატოვო ადამიანი მარტო და არ მისცე ჩაძინების საშუალება

● აკონტროლე მისი სუნთქვა და ცნობიერება (ესაუბრეთ მას)

● თუკი ადამიანს აღენიშნება პირღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა - გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება!

სამედიცინო დახმარების მოსვლამდე:

● დარჩი მის გვერდზე

● თუ ადამიანს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, მოათავსე უსაფრთხო პოზაში, რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა (იხ. თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირებას“).

● თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა და შენს შეკითხვებს ვერ პასუხობს, არ რეაგირებს ტკივილზე ყურების ბიბილოების დასრესვისას, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავს, მოათავსე უსაფრთხო პოზაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირებას“.