ალფა-პვპ

დასახელება: ალფა-პვპ (alpha-PVP)

ალტერნატიული დასახელებები: Flakka; Gravel; O-2387

ქიმიური დასახელება: alpha-pyrrolidinovalerophenone

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: სტიმულატორი

მოხმარების გზები: მოწევა, შეყნოსვა, ინექცია ან გადაყლაპვა

მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (აფნ) ჯგუფს, კერძოდ კი სინთეზურ კათინონებს (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც აბაზანის მარილებს). ალფა-პვპ როგორც წესი კრისტალიზებული სახითაა წარმოდგენილი, რომელიც არის თეთრი ან ვარდისფერი შეფერილობის. ალფა-პვპ MDPV-ის (methylenedioxypyrovalerone) ანალოგია და არის ძლიერი სტიმულატორი, რომელიც ეფექტებით ჰგავს მეტამფეტამინს. ზოგიერთ ქვეყანაში ალფა-პვპ-მ ჩაანაცვლა MDPV ბაზარზე. მაგალითად, ფინეთში მომხმარებლები აღნიშნავდნენ MDPV-ის მოხმარებას, როცა რეალურად მათ მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა ალფა-პვპ. ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული. მისი ზემოქმედება და ინტოქსიკაციის (მოწამვლის) ეფექტები დანამდვილებით ცნობილი არ არის.

ეფექტები

ალფა-პვპ-ს ეფექტების აღწერისას ძირითადად ვეყრდნობით თავად მომხმარებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ფიზიკური ეფექტები:

• ყურებში ხმაურის, სითბოს, ერექციის შეგრძნებებს, რომლებიც შფოთვაში გადაიზრდება;

• მომხმარებლებს ხშირად აქვთ ეროტიული შეგრძნებები, რომლებსაც თან ერთვის სქესობრივი აქტის განხორციელების უუნარობა;

• ენერგიის მოზღვავება, რაც ხშირად მომხმარებლებს ახალისებს რომ იცეკვონ, ირბინონ ან სხვა ფიზიკურ აქტივობებში ჩაერთონ, თუმცა, ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს უმოძრაოდ ჯდომა და განმეორებით დავალებების შესრულება;

• მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია თავი იჩინოს შეუკავებელმა ქმედებებმა, მაგალითად კბილების კრაჭუნი, არასასურველი სხეულის რხევები, ვიბრაცია და ზოგადად მოტორიკაზე კონტროლის დაკარგვა;

• გულის არეში არაკომფორტული ან მტკივნეული შეგრძნება;

• დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), რომელიც თან სდევს ენერგიის მოზღვავებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია თავიდან იქნას დეჰიდრატაცია აცილებული, თუმცა ხშირია ზედმეტი წყლის სმით მოწამვლის შემთხვევებიც;

• ალფა-პვპ-ს მაღალი დოზის მოხმარების შემთხვევში შესაძლებელია მოშარდვის გაძნელებას ჰქონდეს ადგილი, რაც ხშირად ზიანის შემცველი არ არის;

• კუნთის სპაზმი;

• თირკმელის უკმარისობა;

• სახიფათოდ აწეული სხეულის ტემპერატურა;

• თავის ტკივილი;

• ფეხების სიმძიმე.

ფსიქიკური ეფექტები:

• ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ მათი მოგზაურობა („trip“) იყო შემაშინებელი და ეიფორიის მოკლე პერიოდის შემდეგ დაეუფლათ უიმედობის და უბედურების შეგრძნება;

• მაღალი დოზით ან ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია;

• გაზრდილი ფოკუსირების უნარი;

• მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლოა იჩინოს თავი ფსიქოზმა;

• უძილობა და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კომპულსური სურვილი.

ეფექტური დოზა: მომხმარებლების გამოცდილებით, ალფა-პვპ-ს ზღვრული ოდენობა, რომელსაც თრობის ეფექტების გამოწვევა შეუძლია, არის 1-2 მგ., ხოლო ძლიერი ეფექტის მისაღებად საჭიროა 20-25 მგ. ორალურად მოხმარების შემთხვევაში.

მის მიერ გამოწვეული გრძელვადიანი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

დამოკიდებულების პოტენციალი: ალფა-პვპ-ს (ექსტაზის მსგავსად) სხვა ნარკოტიკებთან შედარებით ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების პოტენციალი შედარებით დაბალი აქვს, თუმცა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაჩენის მაღალი რისკი არსებობს. დამოკიდებულების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თუ როგორ ხდება მოხმარება. თუკი მოხმარების შედეგად პირი განიცდის სოციალურ ან ფიზიკურ ზიანს, ასევე, მოიხმარს მაღალი დოზებით ან ხშირად, უფრო დიდი ალბათობაა განუვითარდეს დამოკიდებულება.

რისკები

• თრობის პერიოდი გრძელდება 3-5 საათამდე, თუმცა მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ თრობის პერიოდი ნელა მოდის, რაც განაპირობებს ახალი, მათ მიერ წინასწარგანუზრახველი, დოზის დამატებას, რასაც არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება;

• მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალფა პვპ-მ შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია და ჰალუცინაციები, რომლებიც უბიძგებს ძალადობრივი აგრესიისკენ და თვით-დაზიანებისაკენ;

• სინთეზური კათინონების და მათ შორის ალფა-პვპ-ს მოხმარება კომბინაციაში სხვა მედიკამენტთან, ნარკოტიკულ საშუალებასთან ან ალკოჰოლთან საფრთხისშემცველია. სინთეზური კათინონების მოხმარებამ ექსტაზთან, კრისტალიზებულ მეტამფეტამინთან ან სპიდთან კომბინაციაში შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოვასკულარული (გულის) პრობლემები და ფსიქოზი. კანაფთან ან ალკოჰოლთან ერთად კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა;

• ეს ნარკოტიკული საშუალება დაკავშირებულია ზედოზირების და სიკვდილის მაღალ რისკთან, რადგან მცირე დოზებსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედოზირება.

რისკის შემცირება

სინთეზურ კათინონებთან დაკავშირებით გაცემული ზიანის შემცირების რჩევები მეტწილად ეფუძნება ისეთი ცნობილი ნარკოტიკების შესახებ ცოდნას, როგორიცაა ამფეტამინი ან MDMA. ალფა-პვპ-ს მოხმარებისგან გამოწვეული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია:

• დეჰიდრატაციის (გაუწყლოება) თავიდან ასაცილებლად მიიღე ბევრი წყალი, თუმცა ზედმეტი რაოდენობით წყლის მიღებასაც შეუძლია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია;

• შენთვის სასურველი ეფექტის მისაღებად არ მოიხმარო დიდი დოზა მანამ, სანამ ალფა-პვპ-ს მცირე რაოდენობას არ გასინჯავ. ამ გზით შეამოწმებ ნარკოტიკული საშუალებისგან რა ეფექტის მოლოდინი უნდა გქონდეს. ნარკოტიკის ეფექტების შემოწმება განსაკუთრებით აუცილებელია, თუკი შეიცვალე დილერი ან ახალი პაკეტი გახსენი. არ ენდო მხოლოდ მეგობრის გაწეულ რეკომენდაციას;

• თუკი თავს იგრძნობ ცუდად, გააგებინე შენს გარშემომყოფებს ან გამოიძახე სასწრაფო დახმარება. გახსოვდეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ აქვს ვალდებულება გადასცეს ინფორმაცია პოლიციას;

• არასოდეს მოიხმარო მარტომყოფმა, რადგან ზედოზირების შემთხვევაში არავინ იქნება, რომ დაგეხმაროს; არ ჩაიკეტო აბაზანაში, ან სადმე, კარი ყოველთვის დატოვე ღია, რომ დახმარებისთვის დროზე მოგაგნონ და იოლად მოვიდნენ შენამდე; გააფრთხილე ან დაურეკე ვინმე სანდო პიროვნებას და სთხოვე, რომ 15-20 წუთში გადმოგირეკოს ან დაგხედოს;

• მოხმარების ეპიზოდებს შორის რეგულარულად აიღე შესვენებების პერიოდი, რაც ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულების გაჩენისგან დაგიცავს;

• არ მიიღო ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა სახის/ჯგუფის ნარკოტიკი. მითუფრო ნუ მიიღებ მათ ალკოჰოლთან ერთად;

• გახსოვდეს, რომ ნარკოტიკების არევა ალკოჰოლთან, ბენზოდიაზეპინებთან და ან სხვა დეპრესანატებთან ზრდის ზედოზირების რისკს. ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში შედის და აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს. აგრეთვე, ალკოჰოლის ან და სხვა საძილე საშუალების ზემოქმედების ქვეშ ადამიანმა შეიძლება სწორად ვერ შეაფასოს ვითარება და მიიღოს მის ჩვეულ დოზაზე უფრო მეტი დოზით ან სხვა ნივთიერება, რაც ზრდის ზედოზირების რისკს;

• ზედოზირების რისკი იზრდება თუ:

o მოიხმარ ჩვეულ დოზაზე უფრო მეტს;

o ჯანმრთელობა გაქვს გაუარესებული (ხარ C ან B ჰეპატიტით ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული, ან გაქვს სხვა რაიმე ქრონიკული დაავადება);

o განმეორებით დოზას იღებ მაშინ, როცა საწყისი დოზის ეფექტი ჯერაც არ დასრულებულა;

o თუ ნარკოტიკი არ არის “სუფთა” ანუ შეიცავს ბევრ სხვადასხვა მინარევს - “ჭუჭყიანია”;

o თუ შენ პირველად მოიხმარ, ან ბოლო პერიოდში ჩაიტარე დეტოქსიკაციური მკურნალობა, ან დიდი ხანია არ მოგიხმარია ნარკოტიკი;

ზედოზირების შემთხვევის მართვა

თუკი შეესწარით ალფა-პვპ-ს მიღებით გამოწვეულ ზედოზირებას:

• სასწრაფოთ დაურეკეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან გადაიყვანეთ ზედოზირებული გადაუდებელი დახმარების კლინიკაში;

• დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე;

• თუ თან გაქვთ, მიეცით დიაზეპამი 5-10 მგ. სანამ არ დამშვიდდება;

• ინტოქსიკაციის (მოწამვლის) პერიოდის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ სუიციდურ აზრებს და მსვლელობებს;

• თუ პირს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში ან სხვა ნევროლოგიური ნიშნები გადაიყვანეთ ჰოსპიტალში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.