დეზომორფინი

დასახლება: დეზომორფინი (ნიანგი)

ალტერნატიული დასახელებები: Krokodil, Crocodile, Permonid, რუსული მაგია, ღარიბი კაცის ჰეროინი, Zombie drug

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: დეპრესანტი

ქიმიური ფორმულა: 4,5-alpha-epoxy-17-methylmorphinan-3-ol

მოხმარების გზები: ორალურად, ინექციურად

დეზომორფინი ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკია, რომელმაც ყურადღება შავ ბაზარზე მისი დაბალი ხარისხის გამო მიიპყრო. დეზომორფინის დაპატენტება პირველად მოხდა 1932 წელს აშშ-ში. მისი სინთეზირება ხდება კოდეინიდან და ერთ–ერთი ინგრედიენტია ნარევი, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის მილების გასაწმენდად გამოიყენება. დეზომორფინის მოხმარება მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გავლენით, ძლიერ ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. დეზომორფინის ინექციურმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლულები კანზე, ინფექციები და განგრენა. კანი ემსგავსება ნიანგის კანს და ზოგი ავტორი ვარაუდობს, რომ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. კვლევების მიხედვით, ინექციის გზით მოხმარებული 1 მგ. დეზომორფინი ექვივალენტურია 10 მგ მორფინის. მომზადების პროცესს სჭირდება დაახლოებით 45 წუთი. მის მომზადებას არ სჭირდება ბევრი ლაბორატორიული ინსტრუმენტი და გამოიყენება მაღალი ტოქსიკურობის, დაბალი ღირებულებისა და ადვილად ხელმისაწვდომობის მქონე ქიმიური ნივთიერებები.

ეფექტები

დეზომორფინის ეფექტები მსგავსია სხვა ოპიოიდების ეფექტების

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● ეიფორია, რომელსაც მოჰყვება აპათია;

● სედაცია;

● ტკივილის შემსუბუქება;

● შფოთვის შემცირება;

● მთელ სხეულში კარგად ყოფნის განცდა, სითბოსა და უსაფრთხოების შეგრძნება;

● მაღალი დოზებით მოხმარების შემთხვევაში “ჰიპნაგოგიური მდგომარეობა”, რაც გულისხმობს ღვიძილსა და ძილს შორის გარდამავალ მდგომარეობას. ამ მდგომარეობაში ადამიანი განიცდის ვიზუალურ, ტაქტილურ (შეხებითი შეგრძნება) ჰალუცინაციებს ან ძილის პარალიზს;

● ლიბიდოს შემცირება;

● მეხსიერების დაქვეითება;

● კონცენტრაციის დაქვეითებული უნარი;

● აბნეული მეტყველება.

ფიზიკური ეფექტები

● გულისრევა და ღებინება;

● ქავილი;

● შარდის შეკავება;

● სასუნთქი გზების დათრგუნვა;

● კანი იძენს შავ, მწვანე შეფერილობას.

ეფექტური დოზა: ინექციურად მოხმარების შემთხვევაში დეზომორფინის ეფექტები იწყება სწრაფად, მიღებიდან 2-3 წუთში. ის 10-15-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი და გაცილებით უფრო ტოქსიკური. ეფექტები შესაძლოა, გაგრძელდეს 2 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.

დამოკიდებულების პოტენციალი: დეზომორფინს აქვს მაღალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი. მოქმედების მოკლე ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მომხმარებლები ხელახლა ამატებენ დეზომორფინის ახალ დოზას. ამის გამო, შესაძლოა, განვითარდეს სწრაფი ფიზიკური დამოკიდებულება.

რისკები

დეზომორფინს ახასიათებს როგორც მოკლევადიანი, ასევე, გრძელვადიანი რისკები. ის ასოცირებულია უპრეცედენტო ზიანთან. იწვევს ვენების დაზიანებას, შესაძლოა, დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემა ან სხვა ორგანოები. „ნიანგის“ ინექციამ შესაძლოა, გამოიწვიოს:

● სისხლძარღვების დაზიანება.

● გახსნილი წყლულები და განგრენა

● კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები

● კანის ამპუტაცია

● პნევმონია

● სისხლის მოწამვლა

● მენინგიტი

● ღრძილების დაწყლულება და კბილების დაკარგვა

● ძვლის ინფექციები

● მეხსიერების დაქვეითება და დარღვეული კონცენტრაცია

● ფილტვისა და თირკმლის დაზიანება

გამზადებული ნარკოტიკული საშუალების გაყოფა ხდება frontloading (ერთი შპრიციდან მეორე შპრიცში ნარკოტიკის გადასხმა ხდება ნემსის მოხსნით და ისე შეყვანით) მეთოდით. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი მეთოდით ნარკოტიკული საშუალების გაზიარების პრაქტიკა დაკავშირებულია აივ-ინფექცია/შიდსის და ცე-ჰეპატიტის გავრცელებასთან. დეზომორფინის მომხმარებლებში მაღალია სიკვდილის მაჩვენებელი.

რისკის შემცირება

● ზიანი, რომელიც „ნიანგის“ ინექციას ახასიათებს, მხოლოდ პროდუქტით კი არ არის განპირობებული, არამედ მიკრო და მაკრო სარისკო გარემოთი, სადაც „ნიანგის“ ინექციურად მოხმარება ხდება. რისკის შემცირების სტრატეგიაა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია და ნემსებისა და შპრიცების პროგრამაში ჩართვა;

● ეცადე არ იყო მარტო, რადგან ზოდოზირების განვითარებისას გვერდით არავინ იქნება, რომ დაგეხმაროს.

● არ ჩაიკეტო აბაზანაში, ან სადმე, კარი ყოველთვის დატოვე ღია, რომ დახმარებისთვის დროზე მოგაგნონ და იოლად მოვიდნენ შენამდე.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ზედოზირების ნიშნებია: როცა არ პასუხობს ან რეაგირება მინიმალურია; სუნთქვა შენელებულია; თვალის გუგები ქინძისთავისებურია;

● არ მისცე სითხე სანამ სედაციაშია;

● არ გაუკეთო წყლის ინექცია;

● გადაიყვანე ჰოსპიტალში ან გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

● გაარკვიე, არის თუ არა გონზე ადამიანი;

● გაათავისუფლე დაზარალებული ვიწრო ტანსაცმლისგან;

● არ მისცე დაძინების საშუალება - ხმამაღლა ელაპარაკე, გაულაწუნე ლოყაზე, უჩქმიტე ყურის ბიბილოზე.

● თუ ამის შედეგად ადამიანი გონზე მოვიდა, აიძულე, დადგეს ფეხზე, იმოძრაოს - არ მისცე დაძინების საშუალება!

● თუ გაქვს ნალოქსონი - შეიყვანე 1-2 მლ. ხსნარი კუნთებში, დუნდულებში, მხარში ან ბარძაყში, გარეთა ზედა კვადრატში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.