კანაფი
დასახელება: კანაფი
ალტერნატიული დასახელებები: ****marijuana (მარიხუანა), weed, hash, shit, hashish, blowen, smother
მთავარი მოქმედი კომპონენტის ქიმიური დასახელება: Tetrahydrocannabinol
ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ჰალუცინოგენი
მოხმარების გზები: მარიხუანას და ჰაშიშს, როგორც წესი, ეწევიან ე.წ „joint“-ის (სიგარეტის ქაღალდში გახვეული, ხშირად შერეული თამბაქოსთან) სახით, ჩილიმით ან ვაპორაიზერით. შესაძლებელია დაამატონ საკვებს, მაგალითად, ნამცხვარს ან ჩაის.
კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია კანაბინოიდები, რომლებიც მოქმედებს ადამიანის ტვინის სპეციფიკურ რეცეპტორებზე. ფართოდ შესწავლილი კანაბინოიდებია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). კანაბინოიდების რაოდენობა მცენარეში განსაზღვრავს კანაფის ეფექტს. THC კანაბინოიდია, რომელიც იწვევს ისეთ ფსიქოაქტიურ ეფექტებს, როგორიცაა: ეიფორია, რელაქსაცია, გამძაფრებული სენსორული გამოცდილება. ამცირებს გულისრევას, ტკივილს და ახდენს მადის სტიმულირებას. CBD-მ შესაძლოა უფრო ზომიერი გახადოს THC-ის მიერ გამოწვეული ფსიქოაქტიური ეფექტები და შეამციროს ეპილეპტიკური შეტევები, თუმცა თავად არ არის ფსიქოაქტიური მოქმედების.
მცენარე კანაფი შეიძლება იყოს მდედრობითი ან მამრობითი. ფსიქოაქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) უფრო მეტია მდედრობით მცენარეში, ხოლო ფოთლებსა და მამრობით მცენარეში მისი კონცენტრაცია ნაკლებია, მარცვალსა და ღეროში კი თითქმის არ არის. კანაფის მცენარე სხვადასხვა სახეობის არსებობს და სხვადასხვა მიზნებისათვის ხდება მისი გამოყენება. სამრეწველო საქმიანობაში გამოიყენება კანაფი (hemp), რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შემცველობა ძალიან დაბალია (0.3% ან ნაკლები), ხოლო კანაბიდიოლის (CBD) არის მაღალი და არ აქვს ფსიქოაქტიური ეფექტი. რეკრეაციული ან სამედიციო მიზნებისათვის კი გამოიყენება კანაფი, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შემცველობა მაღალია (5%-35%) და ფსიქოაქტიური ეფექტი აქვს. ამ თავში საუბარი იქნება სწორედ მაღალი THC-ის შემცველობის კანაფზე, კერძოდ კი, მარიხუანასა და ჰაშიშზე, რომლებიც ყველაზე ხშირად მოხმარებული კანაფის პროდუქტებია.
მარიხუანა
მარიხუანა არის THC-ის შემცველი კანაფის მცენარის გამომშრალი ფოთლები და ყვავილი. მცენარის ამ ნაწილზე პატარა ჯირკვლებია, რომლებიც გამოყოფს ფისს. მარიხუანის ფერი შეიძლება იყოს ნაცრისფერი-მწვანე ან მწვანე-ყავისფერი. შეიძლება ჰქონდეს ტკბილი სუნი.
ჰაშიში
ჰაშიში კანაფის მცენარის წებოვანი ფისისგან მზადდება, რომელიც ფსიქოაქტიური ინგრედიენტების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს. ფისს ნამცხვრის ფორმად პრესავენ და მეტწილად მოიხმარენ წყლის ჩიბუხებით ანუ ბონგებით, ეწევიან ყალიონით ან სიგარეტში შეკეთებულს − შედარებით სუსტი ფოთლების ეფექტის გასაძლიერებლად. ბონგი მარიხუანის ნაკლებად კონცენტრირებული ნაწილების მოსაწევადაც გამოიყენება.
ეფექტები
კანაფის ეფექტები დამოკიდებულია მის ნაირსახეობაზე, ხარისხზე და მოხმარების მეთოდზე. ასევე მგრძნობელობაზე, მოლოდინებზე, მოხმარების წინა გამოცდილებაზე და გარემოზე, რომელშიც მოიხმარენ.
ფსიქოლოგიური ეფექტები:
• აძლიერებს იმ შეგრძნებებს და განწყობებს, რომელიც მოხმარების პროცესში აქვს ადამიანს. ამრიგად, მათ, ვინც მოხმარების პროცესში კარგად გრძნობს თავს, მოხმარების შემდეგ დიდი ალბათობით სასიამოვნო მხიარულების შეგრძნება დაეუფლებათ;
• მომხმარებლებს აქვთ განცდა, რომ კანაფი ასტიმულირებს მათი ფიქრების სამყაროს, წარმოსახვას, კრეატიულობას და სამყაროსადმი პოზიტიურ ხედვას.
• THC ზრდის სენსორულ მგრძნობელობას (მაგ. ფერები და მუსიკა უფრო ინტენსიური ხდება);
• იწვევს სინათლისადმი მგრძნობელობას;
• ხანდახან მომხმარებლებს სიცილის შეტევა აქვთ;
• შფოთვის მქონე მომხმარებლების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს მოხმარების შემდეგ;
• იცვლება დროის შეგრძნება;
• უარყოფით გავლენას ახდენს კონცენტრაციის, ლოგიკური აზროვნებისა და მახსოვრობის უნარზე;
ფიზიკური ეფექტები:
• პულსი და სუნთქვა ჩქარდება (ნორმალური პულსი, რომელიც არის 70-80 დარტყმა წუთში იზრდება 20-50-ით, ხანდახან ორმაგდება კიდეც);
• მძაფრდება შიმშილის გრძნობა და ტკბილის განსაკუთრებული მოთხოვნა ჩნდება;
• თვალები წითლდება;
• ვითარდება თავბრუსხვევა;
• შესაძლოა გამოიწვიოს ხელების სისველე ან ხელებსა და ფეხებში დამძიმების შეგრძნება, რასაც „გაქვავებას“ ეძახიან;
• როგორც თამბაქოს მოწევას, მარიხუანის მოწევასაც შეუძლია გააღიზიანოს ყელი და ფილტვები და გამოიწვიოს ხველა;
• ზემოქმედების ქვეშ იმატებს შეხების მიმართ მგრძნობელობა. ამიტომ, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ უფრო ადვილია ადამიანების სქესობრივ აქტივობაზე დაყოლიება.
სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან შედარებით, კანაფის მაგალითზე უკეთ ჩანს, თუ რამდენად რთულია ნივთიერების რეალური გავლენის გამოცალკევება გუნებ-განწყობისა და გარემოს ეფექტებისგან. თუკი ნივთიერების გაზიარება ხდება სოციალურ გარემოში, წვეულებაზე ან პაემანზე, მოლოდინის მიხედვით, პიროვნება უფრო მოდუნებული, ნაკლებად შებოჭილი იქნება და შეიძლება ისეთ რამ აკეთოს, რასაც ჩვეულებრივ არ იზამდა.
დამოკიდებულების პოტენციალი: ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების პოტენციალი ძალიან სუსტია, ხოლო ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი - ზომიერი. არსებობს ალბათობა, რომ კანაფის მომხმარებელთა 9%-ს განუვითარდეს დამოკიდებულება. შესაძლოა თავი იჩინოს აღკვეთის სიმპტომებმა, ესენია: ბრაზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა და აგრესია ტკივილი და ციება, დეპრესია, კონცენტრაციის უუნარობა, ოფლიანობა. აღნიშნულ სიმპტომებს ყველა დამოკიდებული მომხმარებელი არ განიცდის, მაგრამ ყველა მათგანს ექნება რამდენიმე სიმპტომი, განსაკუთრებით კი -ლტოლვა ნარკოტიკის მიმართ. ადამიანებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კანაფის აღკვეთის მდგომარეობისას განცდილი გაღიზიანებადობა, შფოთვა, აგრესია და მუცლის ტკივილიც კი თავს იჩენს მოწევის შეწყვეტიდან 3-7 დღის განმავლობაში.
რისკები
კანაფის მოხმარება დაკავშირებულია მოკლე და გრძელვადიან რისკებთან.
მოკლევადიანი რისკები:
• ზრდის რისკის შემცველი სქესობრივი აქტივობის ალბათობას;
• ის ვინც თავს ცუდად გრძნობს, მისი შეგრძნება გაუარესდება, რადგან კანაფი აძლიერებს მოხმარების დროს არსებულ განწყობას;
• THC-ის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გულისრევა, ხანდახან გულისწასვლაც;
• THC-ის ჭარბი დოზა ბევრ ნეგატიურ შეგრძნებას იწვევს: შფოთვა, პანიკური შეტევა, დეპრესია, მოუსვენრობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები. ნეგატიური შედეგები შეიძლება დადგეს მოხმარებიდან დღეების ან კვირების გასვლის შემდეგ;
• კანაფი თავიდან ზრდის გულისცემის სიხშირეს (პულსს) და არტერიულ წნევას, ხოლო შემდეგ ამცირებს. კანაფმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, რაც გულის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის ძალიან საშიშია;
• კანაფმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები. მოხმარებელმა შესაძლოა დაკარგოს კონტაქტი რეალობასთან და განუვითარდეს მწვავე შფოთვა ან პანიკური შეტევა;
• ასეთმა სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს არსებული ფსიქოზური აშლილობის მოულოდნელი გაუარესება ან განმეორება. ბოლო კვლევების მიხედვით, ეს მწვავე ფსიქოზური სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ ასეთი სიმპტომები;
• კანაფის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას 2-ჯერ მეტი შანსია, რომ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში მართვისას. კანაფი გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარებზე. დროში რეაგირება ნელი ხდება, საავტომობილო უნარ-ჩვევები და სიზუსტის შეფასების უნარი ასევე გაუარესებულია;
• არ არის რეკომენდირებული კანაფის მოხმარება ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდში. მოწევით მცირდება ჟანგბადის და მკვებავი ელემენტების მიწოდება ბავშვისთვის. შესაძლოა ნაყოფს განუვითარდეს დაავადება.
გრძელვადიანი რისკები:
• კანაფის განგრძობადი და ხშირი მოხმარება აუარესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, დასწავლას. როდესაც მომხმარებელი თავს დაანებებს კანაფის მოხმარებას, რამდენიმე თვეა საჭირო, რომ აღდგეს ეს კოგნიტური ფუნქციები;
• უფრო მეტი და მეტი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება იწვევს გრძელვადიან ცვლილებებს ტვინში, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მომხმარებლებში. ამ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო დებატებია. სერიოზული რისკებია ასოცირებული ახალგაზრდა ასაკში მოხმარების დაწყებასთან, მათ შორის დამოკიდებულების და ფსიქოზის განვითარების გაზრდილი ალბათობა;
რისკების შემცირება
კანაფის მოხმარება ყოველთვის შეიცავს რისკს. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მოიხმაროთ კანაფი, ქვემოთ შემოთავაზებულია რისკის შემცირების სტრატეგიები:
როდის მოვიხმაროთ?
• კანაფის მოხმარება არ არის რეკომენდებული თუ ცუდი დღე გქონდათ. დარწმუნდით, რომ ფიზიკურად და ფსიქიკურად თავს კარგად გრძნობთ, რადგან კანაფი ცუდ შეგრძნებებს კიდევ უფრო უარესს გახდის;
• არ მოიხმაროთ ყოველდღიურად, მოიხმარეთ ზომიერად;
• არ მოიხმაროთ პრობლემების ჩახშობის მიზნით;
• დატოვეთ მანქანა, ველოსიპედი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება თუ მოხმარებული გაქვთ კანაფი;
• არ მოიხმაროთ სამსახურში ან სწავლის პროცესში;
როგორ მოვიხმაროთ?
• დიდი ყურადღებაა საჭირო კანაფის დოზის განსაზღვრისას, რადგან THC-ის შემცველობა განსხვავებული შეიძლება იყოს. ამიტომ ძნელია წინასწარ დოზის შეფასება;
• დოზის განსაზღვრის ყველაზე კარგი მეთოდია მოწიო მცირე რაოდენობა (მეოთხედი ან ორი „ნაფასი“) და დაიცადო 5-15 წთ. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თქვენი სხეულის რეაქციას, როდესაც ახალი მოწევის მეთოდს ან ახალი ტიპის კანაფს სინჯავთ. ყველა ადამიანზე სხვადასხვა დოზა სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ზოგადად კანაფის ყავისფერი ფოთლები არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც მწვანე კანაფის ფოთლებია. იმ შემთხვევაში თუ მარიხუანა ან ჰაშიში დაემატება საკვებს ან ჩაის, თრობა უფრო ნელა მოდის: 1-4 საათამდე, თუმცა დიდხანს გრძელდება. ეს ხშირად განაპირობებს არასწორი დოზების მიღებას. იზრდება შანსი, რომ მოხმარებელი დიდი რაოდენობით THC-ის მიიღებს, რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
• ღრმა ინჰალაცია ან კვამლის დიდი ხნით შეკავება არ არის რეკომენდებული. არსებობს მითი, რომ ამით ეფექტს გააძლიერებენ. რეალურად ამით მხოლოდ კანცეროგენების ფილტვებში დარჩენას ვუწყობთ ხელს;
• მოწევა საზიანოა ფილტვებისათვის. ბევრი კანაფს ინჰალაციის სახით მოიხმარს. ამ დროს კანაფი ცხელდება, თუმცა არ იწვის და ფილტვებში შედის ნაკლებად მავნე ნივთიერებები. თუმცა ბევრია დამოკიდებული ვაპორაიზერის ხარისხსა და ტემპერატურაზე, რომელზეც ცხელდება კანაფი;
• კანაფის მოხმარება სხვა ნივთიერებასთან ერთად, როგორიცაა სხვა ნარკოტიკული საშუალება, ალკოჰოლი ან მედიკამენტი რისკის შემცველია. ამიტომ არ არის რეკომენდებული კანაფის მოხმარება მათთან ერთად;
• კანაფის დამატება საჭმელში და სასმელში არ არის რეკომენდებული. თრობის პროცესი იწყება მოგვიანებით, რაც ხშირად იწვევს მომხმარებლის მიერ დამატებითი დოზის მიღებას;
• თუ კი გადაწყვეტთ, რომ შეჭამოთ ან სითხესთან ერთად მიიღოთ კანაფი, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სრული ეფექტის მიღებას 2 საათამდე სჭირდება.
ზედოზირების შემთხვევის მართვა
სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით კანაფისგან გამოწვეული ზედოზირების რისკი დაბალია, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია (ნივთიერების იმ მდგომარეობამდე მიღება, როდესაც ფუნქციონირება ძნელდება). კანაფით გამოწვეული ინტოქსიკაციის ნიშნებია:
• ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება);
• გაზრდილი არტერიული წნევა;
• გაწითლებული თვალები;
• პირის სიმშრალე;
• თვალები არასასურველი მოძრაობა;
• კონტროლის დაკარგვა მოძრაობაზე;
• დანაწევრებული მეტყველება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.