კეტამინი

დასახელება: კეტამინი

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: ჰალუცინოგენი

ალტერნატიული დასახელებები: K; Special K; Cat Tranquilizer; Ket; Vitamine K; Kit Kat

ქიმიური დასახელება: 2-(2-chlorophenyl)-2-(methylamino)-cyclohexanone

მოხმარების გზები: __ლეგალური სამედიცინო კეტამინი (მედიკამენტი) გვხვდება თხევადი ფორმით და პაციენტებში მოიხმარენ ინექციით. არალეგალური კეტამინი არსებობს ტაბლეტის ან თეთრი ფხვნილის სახით, რომელსაც ყლაპავენ, ცხვირით იყნოსავენ ან ინექციურად მოიხმარენ. ხანდახან შესაძლებელია კეტამინის მოწევა თამბაქოსთან ან კანაფთან ერთად.

კეტამინს კლუბურ ნარკოტიკებს მიაკუთვნებენ. დღესდღეობით კეტამინი გამოიყენება, როგორც ანესთეტიკი ხანმოკლე, მტკივნეული ქირურგიული პროცედურებისთვის, დამწვრობის ცენტრებში, როდესაც გადასახვევებს უცვლიან პაციენტებს და ვეტერინარულ მედიცინაში. კეტამინი, როგორც ანესთეტიკი, ცნობილია „Ketalar”-ის სახელით. 90-იანი წლებიდან კეტამინი გავრცელდა, როგორც გასართობ სივრცეში მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალება.

ეფექტები

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● სიძლიერის და უსაზღვრო ძალის შეგრძნება;

● ეიფორია;

● დაბალი დოზის მიღების შემთხვევაში ეუფლებათ ტრანსისმაგვარი მდგომარეობა;

● დაბალი დოზით კეტამინი იწვევს ძალიან ცხად და რეალისტურ სიზმრებს, ადამიანი ძნელად არჩევს რეალობას სიზმრისგან;

● სიზმრის მაგვარი მდგომარეობის შეგრძნება;

● მომხმარებელი განიცდის სხეულისა და გონების განცალკევებას;

● დიდი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა განიცადოთ “სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობა” (ამას ასევე ეძახიან “K-hole”). მომხმარებელი ათვალიერებს საზღვრებს ცნობიერსა და არაცნობიერ მდგომარეობებს შორის. ზემოქმედების ქვეშ მას აქვს განცდა, რომ ტოვებს სხეულს ან კვდება;

● ჰალუცინაციები;

● შფოთვა;

● პანიკა;

● ტკივილის შეგრძნების დაქვეითებული უნარი;

● დეზორიენტაცია;

● საუბრის და ადამიანებთან ინტერაქციის სურვილის დაკარგვა.

ფიზიკური ეფექტები:

● თავბრუსხვევა;

● გუგების ზომა არ იცვლება, მაგრამ მზერა ხდება გაყინული, ვერ ხერხდება მზერის ფოკუსირება;

● კოორდინაციის დარღვევები;

● კუნთების უნებური შეკუმშვა;

● აბნეული მეტყველება;

● მაღალი არტერიული წნევა;

● გაზრდილი ნერწყვის გამოყოფა;

● გულისრევის შეგრძნება და ღებინება;

● აჩქარებული პულსი, წუთში 100 დარტყმაზე მეტი;

● არაკონტროლირებადი თვალის მოძრაობა;

● ხშირი შარდვა;

● გრძელვადიანი ეფექტია თავის ტკივილი, სუნის შეგრძნების ცუდი უნარი (რასაც შეყნოსვა იწვევს), დაქვეითებული მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარი.

ეფექტური დოზა: სიკვდილთან მიახლოებული (K-hole) მდგომარეობის მისაღწევად 100 მგ. საკმარისი რაოდენობაა. ინექციური მოხმარების და შეყნოსვის შემთხვევაში მცირე დოზაა: 15-30 მგ., ორალურად მოხმარების შემთხვევაში კი 50-100 მგ. ყველაზე სწრაფი და ინტენსიური ეფექტები დგება კეტამინის ინექციური მოხმარების შემთხვევაში. ინექციის შემთხვევაში, ეფექტი დაუყოვნებლივ, „ნემსის წვერზე“ იწყება და ამ დროს გაცილებით მაღალია ზედოზირების რისკი. ეფექტების დადგომას სჭირდება 1-5 წთ. და გრძელდება 30-45 წთ. შეყნოსვის შემთხვევაში ეფექტები იწყება 5-10 წთ-ში და გრძელდება 45-60 წთ. ორალურად მიღების შემთხვევაში კი ეფექტები დგება 15-20 წთ-ში და გრძელდება 1-2 სთ.

დამოკიდებულების პოტენციალი: კეტამინს ფიზიკური დამოკიდებულების პოტენციალი არ აქვს, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ზოგიერთ მომხმარებელში. აღკვეთის სიმპტომებია: კეტამინის მიღების ძლიერი სურვილი, უმადობა, დაღლილობა, შეცივება და ოფლიანობა, მოუსვენრობა, კოშმარები, დეპრესია, შფოთვა. სიმპტომები გრძელდება 4-6 დღე.

რისკები

ხანმოკლე რისკები

მომხმარებელი კარგავს ტკივილის ყველანაირ შეგრძნებას და ამის შემდეგ შესაძლოა შეუმჩნევლად მიაყენოს საკუთარ თავს დაზიანებები;

● დეზორიენტაცია შესაძლოა ავტოავარიების მიზეზი გახდეს;

● კეტამინის ზეგავლენის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სასიამოვნო სიზმრის სიტუაციების მსგავსი, მაგრამ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს შემაშინებელი ჰალუცინაციები და დელირიუმიც კი. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც სახეზეა შფოთვა და დეზორიენტაცია და ადამიანები გრძნობენ და ხედავენ ისეთ საგნებს, რომლებიც რეალურად იქ არ არის - უმეტესად ობობები. ზოგიერთი მომხმარებელი ხედავს სხეულის გარკვეულ ნაწილებს ისე, თითქოს მცირდება ან იზრდება, ან აქვთ შეგრძნება, რომ მათი გონება ტოვებს მათ სხეულს. ისინი, ვინც ფსიქოლოგიურად მოწყვლადია, ზემოქედების ქვეშ ცუდი გამოცდილების მიღების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან;

● თუ კეტამინის დოზა არის ძალიან მაღალი ან კომბინირებულია ალკოჰოლთან ან GHB-სთან, სახეზეა თავის ტვინსა და კუნთებში ჟანგბადის ნაკლებობა, არტერიული წნევა იზრდება და სუნთქვა ირღვევა. ასევე, შესაძლებელია, რომ მოხმარებელმა დაკარგოს ცნობიერება გარკვეული ხნით ან განუვითარდეს გულის შეტევა.

ხანგრძლივი რისკები

კეტამინი ნარკოტიკული საშუალების სახით დიდი ხანი არ გამოიყენებოდა. ამიტომაც მისი ავადმოხმარების ხანგრძლივი რისკები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ცნობილი. თუმცა ცნობილია, რომ:

● ხშირი და დიდი დოზებით მოხმარება იწვევს „კეტამინისგან გამოწვეული შარდის ბუშტის სინდრომს“. რაც გულისხმობს, რომ ადამიანს უჭირს შარდის შეკავება, შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის წყლული;

● თირკმლის პრობლემები;

● კუჭის ტკივილი;

● დეპრესია;

● დაქვეითებული მეხსიერება;

● კეტამინი ხანდახან გამოიყენება, როგორც “გაუპატიურების ნარკოტიკი”. მასთანვეა დაკავშირებული აივის, ჰეპატიტებისა და სხვა ინფექციური დაავადებების გადადების რისკი შპრიცების გაზიარების შედეგად.

რისკის შემცირება

კეტამინთან დაკავშირებული ფატალური შედეგები უმეტესად მისი ალკოჰოლთან, სხვა ნარკოტიკთან ან მედიკამენტთან შერევით არის გამოწვეული:

● არ არის რეკომენდებული კეტამინთან კომბინაციაში სედაციური საშუალებების (ბენზოდიაზეპინები, ალკოჰოლი, ოპიატები, ბარბიტურატები, GHB) მოხმარება. ეს არის ყველაზე სახიფათო კომბინაცია, რომელსაც შეუძლია სუნთქვის დათრგუნვა და უგონო მდგომარეობის გამოწვევა;

● ბენზოდიაზეპინის დალევა კეტამინთან ერთად ზრდის ალბათობას, რომ განვითარდეს მახსოვრობის, ყურადღების, კოორდინაციის პრობლემები;

● ამფეტამინის და სხვა სტიმულატორების (კოკაინი, MDMA) შერევა კეტამინთან არ შეიძლება. ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი არტერიული წნევა;

● ფსიქოდელიური საშუალებების (LSD, ფსილოციბინი) კეტამინთან მოხმარება სხვა ნარკოტიკებთან შედარებით ფიზიკურად ნაკლები საფრთხისშემცველია, თუმცა ეს კომბინაცია ინტენსიურს ხდის შინაგან გამოცდილებას, რაც მოითხოვს ფსიქოლოგიურ მზაობას;

● რეკრეაციული მოხმარების დროს ყველაზე დიდ ზიანს იწვევს კეტამინი მაშინ, როცა ის იყიდება, როგორც სხვა ნარკოტიკი (მაგ. MDMA, კოკაინი), რადგან ეფექტები განსხვავებულია და განსხვავებულ მომზადებას და გარემოს საჭიროებს. ამიტომ ნივთიერების შეძენისას რეკომენდებულია ერთჯერადი ტესტერებისა და რეაგენტის ხსნარების საშუალებით შეამოწმო რა ნარკოტიკია;

● მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში ერიდეთ სიარულს, რადგან შესაძლოა ვერ შეამჩნიო შენ წინ არსებული ნივთები;

● K-hole მდგომარეობაში ყოფნისას ერიდე საჯარო ადგილებში შესვლას. უმჯობესია K-hole-ის მდგომარეობა გამოსცადო ახლო მეგობართან ეთად პირად გარემოში;

● თუკი შფოთვა გაქვს, კეტამინის მოხმარებამ შესაძლოა გააუარესოს მდგომარეობა და ცუდი გამოცდილება გქონდეს. დამატებით, თუ ხართ სტრესულ, უცნობ გარემოში უცნობ ადამიანებთან ერთად იზრდება ფიზიკური ზიანის რისკი. ასეთ პირობებში არ არის რეკომენდებული კეტამინის მოხმარება.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ზედოზირების ნიშნები:

ღებინება;

• აგზნება ან, პირიქით, გაბრუება;

• დაღლილობის შეგრძნება;

• დროში და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა;

• საკუთარი სხეულის სქემის აღქმის დარღვევა;

• მხედველობისა და სმენის დარღვევა;

• ტკივილი გულმკერდის არეში;

• სუნთქვის შენელება, მძიმე შემთხვევებში - გაჩერება;

• გულისცემის აჩქარება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება;

• გულყრა;

• ცნობიერების დათრგუნვა/კომა.

ზედოზირებისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკს ზრდის მისი მიღება ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ტრანკვილიზატორებთან ერთად. დიდი დოზებით კეტამინი იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, ქოშინს, ზემოქმედებას ახდენს სასუნთქ და ენის კუნთებზე, შეიძლება გამოიწვიოს მათი სპაზმი, სუნთქვის გაჩერება.

თუ დაზარალებული იმყოფება უგონო მდგომარეობაში:

● არ დატოვოთ დაზარალებული მარტო დახმარებისათვის მოუხმეთ სხვებსაც

● გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თვითონ მიიყვანეთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინეთ მარცხენა გვერდზე ან ზურგზე წოლისას თავი მიუბრუნეთ გვერდზე პირნაღები მასების სასუნთქ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით)

● თუ დაზარალებული არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ ჩაუტარეთ პირის ღრუს ტუალეტი (გამოუსუფთავეთ) ტრიზმის (კრიჭის შეკვრა) შემთხვევაში, თუ სასუნთქი გზები თავისუფალია, ძალდატანებით ნუ ეცდებით პირის გაღებას. თუ დაზარალებულს აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოიღეთ და დაუწყეთ ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში ან ტრიზმის შემთხვევაში - პირით ცხვირში)

● თუ გულის ცემა არ მოისმინება, დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი

● არ შეწყვიტოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანამდე;

● ნუ შეეცდებით პირღებინების გამოწვევას

● თუ ავადმყოფმა აღებინა, პირნაღები მასების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად შეაგროვეთ და მიიტანეთ სტაციონარში ქიმიური ანალიზისათვის

● ეცადეთ, შემთხვევის ადგილზე შეაგროვოთ ანამნეზური მონაცემები (როდის და რა ნივთიერებები მიიღო) და მიაწოდოთ სასწრაფო დახმარების პერსონალს ან სტაციონარის ექიმს (ირგვლივ მყოფებისაგან უნდა მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და გაამახვილოთ ყურადღება დაზარალებულის პოზაზე, სპეციფიკურ სუნზე, სავარაუდო მოწამვლაზე მიმანიშნებელ ნებისმიერ ნივთზე)

● მოწამვლის ადგილას ნანახი ნებისმიერი ნივთიერება, მედიკამენტი, წამლის შეფუთვა ან ჭურჭელი გადაეცით სასწრაფო დახმარების ან სტაციონარის სამედიცინო პერსონალს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.