მეფედრონი

დასახელება: მეფედრონი

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: სტიმულატორი

ალტერნატიული სახელი: ****"meow meow"; 4-MMC; M-Cat; Drone; Bubbles

მოხმარების გზები: ფხვნილის შეყნოსვა ან გადაყლაპვა ხდება ე.წ „ბომბის“ სახით (ფხვნილი სიგარეტის ქაღალდში). შესაძლებელია მისი ინექციურად მოხმარებაც წყალში ხსნადობის თვისების გამო.

ქიმიური დასახელება: 4-Methylmethcathinone

მეფედრონი მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს, კერძოდ კი სინთეზური კათინონების ჯგუფს. მის შესახებ ლიმიტირებული სამეცნიერო მონაცემები მოგვეპოვება, ინფორმაცია ძირითადად მეფედრონის მომხმარებლებისგან მოდის. მეფედრონი ხშირად ეშლებათ შემდეგ ნივთიერებებში: 'Methedrone' (4-methoxymethcathinone) ან 'Methylone' (bk-MDMA). ქიმიური შემადგენლობის მიხედვით მეფედრონი შეიძლება შედარდეს მეთკათინონთან. მეფედრონი იყიდება თეთრი ფხვნილის ან კაფსულების სახით.

ეფექტები

მეფედრონის ეფექტი ხშირად მსგავსია MDMA-ს (ექსტაზი), ამფეტამინის ან კოკაინის ეფექტის.

ფსიქოლოგიური ეფექტები:

• ღიაობა/გახსნილობა;

• ემპათიურობა;

• ჭარბი ლაპარაკი;

• ერთობის სასიამოვნო და ეიფორიული შეგრძნება;

• საკუთარ თავში რწმენის გაზრდა;

• ხანმოკლე მეხსიერების გაუარესება;

• მცირე ამნეზია;

• პარანოია;

• შფოთვა.

ფიზიკური ეფექტები:

• მადა მცირდება;

• გუგები ფართოვდება;

• სხეულის ტემპერატურა იმატებს;

• გულისცემა და სისხლის წნევა იზრდება;

• მომხმარებლები უფრო მეტად ოფლიანდებიან;

• გაზრდილი ლიბიდო;

• თავის ტკივილი;

• თავბრუსხვევა;

• გამონაყარი კანზე და კანის ფერის ცვლილება

• გალურჯებული/გაყინული თითები;

• ტკივილი გულის არეში;

• შარდვის გაძნელება.

ეფექტური დოზა: მეფედრონის ორალურად მიღების დროს მეტი დრო სჭირდება თრობის მდგომარეობის დადგომას და ეფექტები უფრო დიდხანს გრძელდება. მოქმედების ხანგრძლივობაა 2-5 სთ, თრობის მდგომარეობა იწყება 15-45 წთ-ში, თრობიდან გამოსვლიდან 2-4 სთ-ში შესაძლოა, თავი იჩინოს თრობის შემდგომმა ეფექტებმა. ორალურად მიღების შემთხვევაში მსუბუქი დოზაა 50-100 მგ., გავრცელებული დოზაა 100-200 მგ., ძლიერ დოზად ითვლება 150-300 მგ., შეყნოსვის შემთხვევაში ეფექტები თავს იჩენს რამდენიმე წუთში და პიკი მიიღწევა საათ ნახევრის ან უფრო ნაკლები დროის გასვლის შემდეგ. შეყნოსვის დროს მსუბუქი დოზაა 15-25 მგ., გავრცელებული დოზაა 20-80 მგ., და ძლიერ დოზად ითვლება 75-125 მგ.

დამოკიდებულების პოტენციალი: რეგულარული მოხმარების პირობებში ახასიათებს ხელახალი დოზის მიღების დაუძლეველი (კომპულსური) სურვილი. შეყნოსვის გზით მოხმარება უფრო მეტად არის ასოცირებული კომპულსურ ქცევებთან (ნარკოტიკისკენ დაუძლეველი ლტოლვა) და დამოკიდებულების განვითარებასთან. ფიზიკური დამოკიდებულება, როგორიცაა აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომები, ნაკლებად ახასიათებს მეფედრონს, თუმცა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების პოტენციალი მაღალი აქვს.

რისკები

მეფედრონის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში იმატებს ნეგატიური ეფექტების ალბათობა, მაგალითად:

• ოფლიანობა ან შეცივება;

• კანკალი;

• მოკლევადიანი მეხსიერების გაუარესება;

• ინსომნია (უძილობა);

• ყბის კუნთების დაჭიმვა;

• კბილების კრაჭუნი;

• კრუნჩხვები;

• დაბინდული მზერა;

• თავბრუსხვევა.

მეფედრონის მოხმარება გაცილებით უფრო სარისკოა მათთვის, ვისაც გულის დაავადებები აწუხებს ან მაღალი არტერიული წნევა აქვს. მეფედრონის მოხმარება სხვა სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებასთან (მაგ. ამფეტამინი, MDMA, კოკაინი), ალკოჰოლთან ან მედიკამენტთან (მაგ. ანტიდეპრესანტები) ერთად ზრდის სიკვდილის ან სხვა სახის ზიანის დადგომის რისკს.

რისკის შემცირება

მეფედრონთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ ემყარება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ცოდნას, როგორიცაა ამფეტამინი და MDMA, რადგან მეფედრონთან დაკავშირებულ ზიანზე არსებული სამეცნიერო კვლევები ცოტაა.

• სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად მეფედრონის მოხმარება ზრდის სხვადასხვა სახის რისკებს, მათ შორის კი ზედოზირების რისკს;

• მეფედრონით გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მისი შერევა სხვა სტიმულატორთან, დეპრესანტთან ან ალკოჰოლთან;

• მეფედრონი იწვევს სხეულის ტემპერატურის გაზრდას და ცეკვის დროს იზრდება გადახურების და დეჰიდრატაციის რისკი. რეკომენდებულია შესვენება, გრილ ოთახში გასვლა ყოველ 15 წთ-ში და ზომიერად წყლის დალევა (2 ჭიქა წყლის დალევა ყოველ საათში). უმჯობესია მინერალური წყლის მიღება. წყლის შეწოვას ხელს უწყობს ნატრიუმის და კალიუმის შემცველი სასმელები. ასეთი შემადგენლობა აქვთ მინერალურ წყლებს, მაგ., „ბორჯომი“;

• მხოლოდ წყლის სმა არ არის საკმარისი. მიირთვი მარილიანი წასახემსებლები, რაც ნატრიუმის დონეს შეინარჩუნებს ორგანიზმში;

• ტოლერანტობის ზრდა (სასურველი შედეგის მისაღებად უფრო მაღალი დოზის საჭიროება) ქიმიური დამოკიდებულების გაჩენის ნიშანია.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

მეფედრონით ზედოზირების ნიშნებია:

• თავის ტკივილი;

• თავბრსუსხვევა;

• გულისრევა;

• ღებინება;

• გახშირებული გულისცემა. ტკივილი გულის არეში;

• ჰიპერთერმია;

• პანიკური შეტევები;

• გულყრა (კრუნჩხვები);

• მაღალი სიცხე;

• კოორდინაციის დარღვევა.

თუ დაზარალებული იმყოფება უგონო მდგომარეობაში:

• გაიყვანეთ დაზარალებული გრილ ოთახში;

• არ დატოვოთ დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმეთ სხვებსაც;

• გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თვითონ მიიყვანეთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინეთ მარცხენა გვერდზე ან ზურგზე წოლისას თავი მიუბრუნეთ გვერდზე პირნაღები მასების ასპირაციის, ანუ სასუნთქ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით);

• თუ დაზარალებული არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ ჩაუტარეთ პირის ღრუს ტუალეტი (გამოსუფთავება);

• ტრიზმის (კრიჭის შეკვრა) შემთხვევაში, თუ სასუნთქი გზები თავისუფალია, ძალდატანებით ნუ ეცდებით პირის გაღებას. თუ დაზარალებულს აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოიღეთ და დაუწყეთ ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში ან ტრიზმის შემთხვევაში - პირით ცხვირში);

• თუ გულის ცემა არ მოისმინება, დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი;

• არ შეწყვიტოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანამდე;

• ნუ შეეცდებით პირღებინების გამოწვევას;

• ეცადეთ, შემთხვევის ადგილზე შეაგროვოთ ანამნეზური მონაცემები (რა და როდის მიიღო) და მიაწოდოთ სასწრაფო დახმარების პერსონალს ან სტაციონარის ექიმს (ირგვლივ მყოფებისაგან უნდა მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და გაამახვილოთ ყურადღება დაზარალებულის პოზაზე, სპეციფიკურ სუნზე, სავარაუდო მოწამვლაზე მიმანიშნებელ ნებისმიერ ნივთზე);

• მოწამვლის ადგილას ნანახი ნებისმიერი ნივთიერება, მედიკამენტი, წამლის შეფუთვა ან ჭურჭელი გადაეცით სასწრაფო დახმარების ან სტაციონარის სამედიცინო პერსონალს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.