ფენტანილი

დასახელება: ფენტანილი

ალტერნატიული დასახელებები: ****ჩინური თეთრი, სუბლიმაზი, აქტიქი, შაქარყინული (ლოლიპოპი), დემეროლი.

ძირითადი ეფექტები ადამიანის ორგანიზმზე: დეპრესანტი

ქიმიური ფორმულა: N-(1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide

მოხმარების გზები: მიღება შესაძლებელია გადაყლაპვის, შეყნოსვის, ენაზე დასაკრავი მარკის, კანზე დასაკრავი პლასტირის ან ინექციის გზით.

ფენტანილი (სინთეზური ოპიოიდი), რომელიც 1968 წელს შეიმუშავეს, ყველაზე ძლიერი ოპიოიდია. ფენტანილი 50-100-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე იმავე მასის მორფინი (წონითი თანაფარდობით).

ფენტანილის (ალფა, 3-მეთილ) ქუჩური ვერსია, რომელიც უკანონო ლაბორატორიებში მზადდება, უკიდურესად ძლიერი პრეპარატია, ხშირად მის მიერ იმიტირებულ ნარკოტიკზე მეტადაც. ზეძლიერ ქუჩის ფენტანილს, რომელიც ჩვეულებრივი სიძლიერის მქონე ჰეროინის სახით იყიდებოდა, ზედოზირებით სიკვდილის უამრავი შემთხვევა უკავშირდება. მექსიკის ფენტანილის ქარხანასთან დაკავშირებულია შემთხვევა, როცა მიყოლებით 1000-ზე მეტი წამალდამოკიდებული გარდაიცვალა. ეს ამ ნარკოტიკის ერთი კონკრეტული პარტიის გაყიდვის შედეგი იყო. ფენტანილს ასევე უკავშირდება “ოპიოიდური ზედოზირების ეპიდემია”, რომელიც აშშ-ში 2017 წელს ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებულ სიტუაციად (public health emergency) გამოცხადდა. 2017 წელს აშშ-ში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით 72,000 ადამიანი გარდაიცვალა; მათგან ფენტანილი 2/3 შემთხვევაში ფიგურირებდა.

ე ფ ე ქ ტ ე ბ ი

როგორც ჰეროინი, მორფინი და სხვა ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები, ფენტანილიც მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, რომლებიც განლაგებულია ტკივილისა და ემოციების მაკონტროლებელ ტვინის უბანში. ფენტანილის ეფექტები მსგავსია ჰეროინის ეფექტების:

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● რელაქსაციის და ეიფორიის განცდა;

● შემცირებული ტკივილის შეგრძნება;

● სიმშვიდე;

● ძილიანობა;

● დაბნეულობა;

● ჰალუცინაციები;

● არასტაბილური განწყობა;

● დაქვეითებული ლიბიდო;

● ბუტბუტი.

ფიზიკური ეფექტები:

● შევიწროვებული თვალის გუგები;

● მადის დაქვეითება;

● თავის ტკივილი;

● შენელებული პულსი;

● გულისრევა;

● გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს მენსტრუალურ პრობლემებს;

● შეკრულობა ან დიარეა;

● სუნთქვის დათრგუნვა;

● ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა და კომა.

ეფექტური დოზა: ინექციურად მოხმარების შემთხვევაში მცირე ოდენობაა 12,5 მკგ., ყველაზე გავრცელებული დოზაა 25-50 მკგ., ძლიერი ეფექტების გამომწვევი ოდენობაა 50-100 მკგ., 100 + მკგ. კი ძალიან ძლიერი დოზაა. ინექციურად მოხმარების დროს ეფექტები დგება მყისიერად, აღწევს პიკს 2 წთ-ში და გრძელდება 10-20 წთ.

დამოკიდებულების პოტენციალი: ფენტანილს ძალიან მაღალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი აქვს.

რისკი

● ოპიოიდების მაღალ დოზას, განსაკუთრებით ფენტანილს, შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება და სიკვდილი;

● ფენტანილის მაღალი დოზა ზრდის ზედოზირების რისკს, განსაკუთრებით მათში ვინც არ იცის, რომ იღებს ისეთ აბს ან ფხვნილს, რომელიც შეიცავს ფენტანილს;

● ქუჩაში გაყიდული ფენტანილი შეიძლება იყოს შერეული ჰეროინთან ან კოკაინთან, რომელიც ძალიან სახიფათოა;

● ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ზედოზირების თითქმის ნახევარი გამოწვეულია ფენტანილით;

● ფენტანილის მცირე რაოდენობაც შესაძლოა აღმოჩნდეს სასიკვდილო;

● ჯანდაცვის სერვისებში არსებული რუტინული ნარკოტესტები ვერ ახდენს მის აღმოჩენას.

რისკის შემცირება

● არ მოიხმარო ფენტანილი სხვა დეპრესანტებთან, ალკოჰოლთან ან ბენზოდიაზეპინებთან კომბინაციაში;

● არ მოიხმარო მაღალი დოზა, რომელსაც შენი ორგანიზმი არ არის შეჩვეული;

● მოხმარებამდე შეამოწმე ნარკოტიკული საშუალების ხარისხი;

● ეცადე გაარჩიო სუფთა ან სხვა ნარკოტიკთან შერეული ნაერთი;

● ერიდეთ ფენტალინის მარტო მოხმარებას;

● დარწმუნდი, რომ გარშემო მყოფმა ადამიანებმა იციან, როგორ მოიქცნენ ზედოზირების დროს.

ჰეროინის და ფენტანილის შერეული ნაერთის იდენტიფიცირება:

● ჰეროინი არის ღია ყავისფერი ფხვნილი

● რაც უფრო ღიაა ფხვნილი, უფრო მოსალოდნელია, რომ მასში შერეული იქნება ფენტანილი. ფენტანილის და ჰეროინის ნარევი ხშირად არის კარამელის ფერი, ნახევრად გამჭვირვალე ყვითელი ან ღია ყავისფერი ხსნარი.

● სცადე, გასინჯო ფხვნილი თითით. ფენტანილს ტკბილი გემო აქვს, ჰეროინს ცხარე.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნები:

• მკვეთრად შევიწროვებული თვალის გუგები

• სუნთქვა - ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება

• პულსი - ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება

• მკრთალი და წებოვანი კანი

• გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები

• ძლიერი ძილიანობა

• გულისრევა და ღებინება

• გონების დაკარგვა - ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე

თუ გაქვს ნალოქსონი:

● ზედოზირებისას გამოიყენე ნალოქსონი (ნარკანი) - შეიყვანე 1-2 მლ. ხსნარი კუნთებში, დუნდულებში, მხარში ან ბარძაყში, გარეთა ზედა კვადრატში. შესაძლოა საჭირო გახდეს ნალოქსონის განმეორებითი დოზის შეყვანა.

თუ არ გაქვს ნალოქსონი:

● გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

● გააღე ბინის კარი (თუ სასწრაფოს მოსვლამდე კარგავ გონებას, ხოლო კარი აღმოჩნდება დაკეტილი, ექიმები უბრალოდ ვერ შევლენ ბინაში);

● შეეცადე არ დაიძინო - იმოძრავე, ისაუბრე ხმამაღლა და ა.შ.

თუ ზედოზირება შეემთხვა სხვას:

● გაარკვიე, არის თუ არა გონზე ადამიანი

● გაათავისუფლე დაზარალებული ვიწრო ტანსაცმლისგან

● არ მისცე დაძინების საშუალება - ხმამაღლა ელაპარაკე, გაულაწუნე ლოყაზე, უჩქმიტე ყურის ბიბილოზე.

● თუ ამის შედეგად ადამიანი გონზე მოვიდა, აიძულე დადგეს ფეხზე, იმოძრაოს - არ მისცე დაძინების საშუალება!

● გამოიძახე სასწრაფო დახმარება ან ითხოვე, რომ ეს დაუყოვნებლივ გააკეთონ მეზობლებმა ან გამვლელებმა!

● თუ თან გაქვს ნალოქსონი - შეიყვანე 1-2 მლ. ხსნარი კუნთებში (დუნდულებში, მხარში ან ბარძაყში, გარეთა ზედა კვადრატში)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილე თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.