MDMA/ექსტაზი

დასახელება: ექსტაზი (MDMA)

ალტერნატიული დასახელებები: XTC, E, X, balls, pills, Adam, batteries, shawls, japs, Molly, Mand.

ქიმიური დასახელება: 3,4-მეთილონდიოქსი-მეტამფეტამინი

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: სტიმულატორი, ჰალუცინოგენი

მოხმარების გზები: ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტაბლეტირებული ფორმის გადაყლაპვა, ფხვნილისა და კრისტალების წყალში გახსნა და დალევა. ასევე, გავრცელებული ფორმაა ფხვნილის მიღება მისი სიგარეტის ქაღალდში გახვევითა (ე.წ. „ბომბი“) და გადაყლაპვით, ასევე, გაყნოსვითა და ინექციურად.

ტაბლეტირებული ფორმის MDMA-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ექსტაზი, ხოლო კრისტალური ან ფხვნილის სახით წარმოდგენილი MDMA-ს უახლესი სახელწოდება არის „მოლი“ (Molly). იგი ცნობილია, როგორც წვეულების ნარკოტიკი (party drug). MDMA ხელმისაწვდომია აბების, კაფსულების, ფხვნილისა და სითხის სახით, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ტაბლეტირებული ფორმა. ექსტაზის აბები სხვადასხვა ფერისა და ფორმისაა. მათზე ამოტვიფრულია სხვადასხვა სახის სიმბოლოები. მდმა გვხვდება ფხვნილის ან კრისტალური სახით. მდმა-ს ფხვნილი და კრისტალები ხშირად მოთავსებულია კაფსულებში. ტაბლეტები და ფხვნილი იშვიათადაა წმინდა. ზოგჯერ ისინი შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც, რომლებიც მდმა-ს მსგავსია, თუმცა ხანდახან მეტად საშიშია, ვიდრე მდმა. ბოლო წლების განმავლობაში, ექსტაზი შეიცავს უფრო და უფრო მეტ მდმა-ს.

ე ფ ე ქ ტ ე ბ ი

ექსტაზს აქვს ორგვარი ეფექტი: ერთის მხრივ მასტიმულირებელი, ხოლო ამავდროულად - ჰალუცინოგენური. ნებისმიერი ნარკოტიკის მსგავსად, ექსტაზის შემთხევაშიც, ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, არამედ მომხმარებლის სხეულის აგებულებაზე, განწყობაზე, მოლოდინებსა და გარემოს იმ პირობებზე, რომლებშიც ხდება მისი მიღება.

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● მოძრაობის, საუბრის, ცეკვის, კონტაქტის დამყარების სურვილი;

● სხვებთან მიკუთვნებულობის და სიახლოვის შეგრძნება;

● შემცირებული შიშის, დაუცველობისა და შფოთვის შეგრძნება;

● ემპათიისა და სიყვარულის შეგრძნება;

● შინაგანი სიმშვიდე და მიმღებლობა საკუთარი თავისა და გარე სამყაროსი;

● მუსიკის შეცნობის გაზრდილი უნარი;

● შეხებისგან გამოწვეული სიამოვნების შეგრძნება;

● ტკივილის შემცირებული შეგრძნება;

● ემოციური სითბოს განცდა;

● ეიფორია;

● ეფექტების გასვლის შემდეგ თავს იჩენს სიცარიელის შეგრძება, დეპრესია.

ფიზიკური ეფექტები:

● ენერგიის მოჭარბება;

● გულისცემის გახშირება;

● არტერიული წნევისა და სხეულის ტემპერატურის მატება;

● პირისა და ყელის გამოშრობა;

● ჩხვლეტისა და წიწკნის განცდა მთელ სხეულში;

● დაღლილობა;

● ინსომნია;

● კრუნჩხვები;

● გულისრევა;

● მადის დაქვეითება;

● ერექციული დისფუნქცია და ორგაზმის მიუღწევლობა;

● ოფლიანობა;

● თავის ტკივილი;

● კანკალი;

● თავბრუსხვევა;

● კბილის კრაჭუნი, ღეჭვის მოთხოვნილება.

ეფექტური დოზა: მდმა-ს ეფექტი იწყება მიღებიდან დაახლოებით 20-60 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში. ორალურად მოხმარების შემთხვევაში ეფექტების გამოწვევა შეუძლია ზღვრულ რაოდენობას 30 მგ-საც კი. გავრცელებული დოზაა 75-125 მგ, ძლიერი ეფექტების გამოწვევა შეუძლია 150-200 მგ.-ს, ხოლო 200+ ძალიან დიდ დოზად ითვლება. კვლევის მიხედვით https://pure.uva.nl/ws/files/1611832/103279_10.pdf, მდმა-ს სასურველი ეფექტების მაქსიმიზება და არასასურველი ეფექტების მინიმიზება ხდება 81-100 მგ.-ის ფარგლებში.

დამოკიდებულების პოტენციალი: ფიზიკური დამოკიდებულება არ აქვს. მომხმარებელს, რომელიც შეწყვეტს მის მიღებას, არ უვითარდება აბსტინენციის (აღკვეთის მდგომარეობა ე.წ. “ლომკა”) სინდრომი. თუმცა ექსტაზის რეგულარულ მომხმარებლებს უვითარდებათ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. არსებობს ალბათობა, რომ ექსტაზის მომხმარებლების 11%-ს შესაძლოა განუვითარდეს დამოკიდებულება. ექსტაზის მიღების, ცეკვის და კონტაქტების დამყარების დაუოკებელი ჟინი შესაძლებელია, გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში. სხეული სწრაფად ეჩვევა ექსტაზის გარკვეულ დოზას და ტოლერანტობის გამო, რეგულარულმა მომხმარებლებმა სასურველია, რომ შეინარჩუნონ ერთი და იგივე დოზა.

რ ი ს კ ე ბ ი

ექსტაზის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები დამოკიდებულია მის დოზასა და შემადგენლობაზე და, ასევე, გარემოს ტემპერატურაზე. რეგულარულ და გრძელვადიან მოხმარებას შესაძლებელია, მოჰყვეს საზიანო შედეგები და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების საფუძველიც გახდეს.

მოკლევადიანი რისკები

● ზრდის სხეულის ტემპერატურას და ოფლიანობას. იმის გამო, რომ იგი ძლიერი სტიმულატორია და ახასიათებს სხეულის ჰიპერაქტიურობა, შესაბამისი გაგრილებისა და წყლის გარეშე მარტივად შესაძლებელია, მის მომხმარებელს, მთელი ღამის ცეკვის შედეგად, ჰიპერთემია (სხეულის გადახურება) განუვითარდეს;

● დიდი დოზით მიღებისას ჰალუცინაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დაბნეულობა და პანიკური შეტევები;

● კონკრეტული ფორმა, ფერი, სახელი თუ გამოსახულება არასდროსაა ექსტაზის ხარისხის და/ან შემადგენლობის გარანტია. შესაძლებელია, რომ ორ ერთნაირ ტაბლეტს ჰქონდეს სხვადასხვა შემადგენლობა. იგი შეიძლება შედგებოდეს, მაგალითად, სპიდის (ამფეტამინის ჟარგონული დასახელება), კოფეინისა და მდმა-ს ტიპის სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან, რომელიც უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, თუმცა ექსტაზზე ძლიერია, რაც ზრდის ზედოზირების რისკს;

● ექსტაზის კომბინაციას ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან შეიძლება თან სდევდეს საშიში ეფექტები. ისინი, ვინც მოიხმარენ ექსტაზისა და ალკოჰოლის კომბინაციას, არიან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) მაღალი რისკის ქვეშ;

● ექსტაზს მოიხსენიებენ „სიყვარულის ნარკოტიკის“ სახელით, რადგან მის მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს დაუცველი, არასასურველი, სქესობრივი კავშირი.

გრძელვადიანი რისკები

ექსტაზის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა თავისი კვალი დატოვოს. რამდენიმე წლიანი კვლევების შემდეგ, ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა საკითხი, ექსტაზისგან გამოწვეული გრძელვადიანი ეფექტები მუდმივია თუ არა. ხოლო ის შედეგები, რომლებიც შეიძლება ნამდვილად მოსდევდეს ექსტაზის გრძელვადიან მოხმარებას, არის:

● კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება, გადახურება, რომელიც ექსტაზის მოხმარებას სდევს თან, ზრდის ტვინის დაზიანების საფრთხეს;

● დეპრესიული ჩივილები, რისკი გაცილებით მაღალია არასტაბილურ, დეპრესიისადმი მიდრეკილ ან მაღალი შფოთვის მქონე ადამიანებისთვის;

● ექსტაზის მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და თირკმელი;

● დაღლილობისა და წონის დაკლებით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტი შესაძლებელია, გახდეს სხვადასხვა დაავადებისა თუ ინფექციის მიზეზი;

● ექსტაზის მოხმარებამ შეიძლება გამოწვიოს სხეულის გამოფიტვა.

რისკის შემცირება

● სანამ სასურველ დოზას მოიხმარ, რეკომენდებულია, მიიღო მეოთხედი დოზა (20-30 მგ) და დაელოდო, რა ეფექტებს გამოიწვევს. თუკი ცდის შემდეგ მიხვდები, რომ უსაფრთხოა დოზა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია, მოიხმარო სასურველი დოზა;

● მოხმარების შემდეგ, ჰიპერთერმიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა საშუალოდ 2 ჭიქა წყლის დალევა ყოველ საათში. ზედმეტი წყლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „წყლით მოწამვლა“. უმჯობესია მინერალური წყლის მიღება. წყლის შეწოვას ხელს უწყობს ნატრიუმის და კალიუმის შემცველი სასმელები. ასეთი შემადგენლობა აქვთ მინერალურ წყლებს, მაგ., „ბორჯომი“;

● მხოლოდ წყლის სმა არ არის საკმარისი. მიირთვი მარილიანი წასახემსებლები, რაც ნატრიუმის დონეს შეინარჩუნებს ორგანიზმში;

● ცეკვის დროს ყოველ ერთ საათში აიღე 15 წუთიანი შესვენება და ეცადე, გახვიდე გრილ ოთახში;

● არ დალიო ალკოჰოლი ექსტაზთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას); მითუმეტეს არ არის რეკომენდებული ექსტაზთან ერთად სხვა სტიმულატორების მიღება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ზედოზირება;

● თუ შესაძლებელია, გაზომე რამდენ მილიგრამ მდმა-ს შეიცავს ტაბლეტი ან ფხვნილი;

● ჩაიწერე ყოველი დოზა და მის მიერ გამოწვეული ეფექტები, რაც დაგეხმარება გაიხსენო, რა ეფექტებს უნდა ელოდო იმავე დოზების მიღებისას;

● მოხმარებამდე 4 სთ-ით ადრე მიირთვი ჯანსაღი საკვები;

● არ მოიხმარო მარტო, რადგან ზედოზირების შემთხვევაში ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას;

● მის მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭროა +8 სთ ძილი.

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ექსტაზით ზედოზირების ნიშნებია:

● თავის ტკივილი;

● თავბრსუსხვევა;

● გულისრევა;

● ღებინება;

● გახშირებული გულისცემა. ტკივილი გულის არეში;

● ჰიპერთერმია (ორგანიზმის გადახურება);

● პანიკური შეტევები;

● გულყრა (კრუნჩხვები);

● მაღალი სიცხე;

● კოორდინაციის დარღვევა.

თუ დაზარალებული იმყოფება უგონო მდგომარეობაში:

● გაიყვანე დაზარალებული გრილ ოთახში;

● არ დატოვო დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმე სხვებსაც;

● გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თვითონ მიიყვანე დაზარალებული უახლოეს სტაციონარში (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინე მარცხენა გვერდზე ან ზურგზე წოლისას თავი მიუბრუნე გვერდზე პირნაღები მასების ასპირაციის, ანუ სასუნთქ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით);

● თუ დაზარალებული არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ ჩაუტარე პირის ღრუს ტუალეტი (გამოსუთავება);

● ტრიზმის (კრიჭის შეკვრა) შემთხვევაში, თუ სასუნთქი გზები თავისუფალია, ძალდატანებით ნუ ეცდები პირის გაღებას. თუ დაზარალებულს აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოიღე და დაუწყე ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში ან ტრიზმის შემთხვევაში - პირით ცხვირში);

● თუ გულის ცემა არ მოისმინება, დაიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი;

● არ შეწყვიტო ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანამდე;

● ნუ შეეცდები პირღებინების გამოწვევას;

● ეცადე, შემთხვევის ადგილზე შეაგროვო ანამნეზური მონაცემები (რა და როდის მიიღო) და მიაწოდო სასწრაფო დახმარების პერსონალს ან სტაციონარის ექიმს (ირგვლივ მყოფებისაგან უნდა მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია და გაამახვილო ყურადღება დაზარალებულის პოზაზე, სპეციფიკურ სუნზე, სავარაუდო მოწამვლაზე მიმანიშნებელ ნებისმიერ ნივთზე);

● მოწამვლის ადგილას ნანახი ნებისმიერი ნივთიერება, მედიკამენტი, წამლის შეფუთვა ან ჭურჭელი გადაეცი სასწრაფო დახმარების ან სტაციონარის სამედიცინო პერსონალს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.