ჰეროინი

დასახელება: ჰეროინი

ძირითადი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე: დეპრესანტი

მოხმარების გზები: ინექცია ვენაში, ინჰალაცია (ე.წ ჩინური), იშვიათად მოიხმარება მოწევით და შეყნოსვით.

ალტერნატიული დასახელებები: brown, dope, junk, smack, H

ჰეროინი მიეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს. სუფთა ჰეროინი არის თეთრი ფხვნილი მწარე გემოთი, ხოლო სირეცი - მოყავისფრო ფხვნილი ან შავი წებოვანი ფისი, რომელიც ჰეროინამდე მიყვანისთვის საჭიროებს მჟავას. სირეცი არალეგალურ ნარკობაზარზე ხშირად ყავისფერია. ჰეროინი მზადდება მორფინისგან, რომელიც, თავის მხრივ, ოპიუმისგან გამოიყოფა. ოპიუმი არის სქელი ყავისფერი პასტა, რომელიც ყაყაჩოს მცენარეული წვენიდან მიიღება.

ეფექტები

ჰეროინი სწრაფად აღწევს ტვინამდე და ებმის სხვადასხვა უჯრედებზე განლაგებულ ოპიატურ რეცეპტორებს - განსაკუთრებით მათ, რომლებიც ჩართულია ტკივილისა და სიამოვნების განცდაში, ასევე, გულისცემის სიხშირის, ძილისა და სუნთქვის კონტროლში.

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● ჰეროინის ინექციის ან ინჰალაციის შემდეგ, მომხმარებელი განიცდის სიამოვნების ძლიერ გრძნობას, რომელიც რამდენიმე წამი გრძელდება. ამას მოჰყვება წამოხურების ეფექტი, რომელიც გრძელდება 4-6 საათამდე;

● ჰეროინის მოხმარების შემდეგ მომხმარებელს ეუფლება მთელი სხეულში კარგად ყოფნის განცდა, სითბოსა და უსაფრთხოების შეგრძნება;

● უსიამოვნო განცდები, როგორიცაა ტკივილი, მოწყენილობა, შიმშილი, შიში ან სიცივე ქრება. მაგრამ ნეგატიურთან ერთად პოზიტიური განცდებიც, როგორიცაა შეყვარება, სიხარულის განცდა და სქესობრივი მოთხოვნილებები, ასევე, იკარგება;

● დაბინდული კოგნიტური (აზროვნების) ფუნქციები.

ფიზიკური ეფექტები:

● პირის სიმშრალე;

● სხეულის ტემპერატურის დავარდნა;

● შევიწროვებული გუგები;

● კანის სიმხურვალე და აწითლება;

● სიმძიმის შეგრძნება მხრებსა და ფეხებში;

● გულისრევა და პირღებინება;

● ძლიერი ქავილი;

● ჩაძინება.

ეფექტური დოზა: ჰეროინის ინექციურად მოხმარების შემთხვევაში გავრცელებული დოზაა 5-10 მგ., ხოლო ძლიერ დოზად ითვლება 8-15 მგ. დოზა დამოკიდებულია ნარკოტიკის ხარისხსა და ადამიანის ტოლერანტობაზე. ინექციის გაკეთების შემდეგ ეფექტები დგება 0-5 წთ-ში და გრძელდება 4-5 სთ. განმავლობაში. მოწევის შემთხვევაში ეფექტები დგება 5-10 წთ-ში და გრძელდება 3-5 სთ. ორივე შემთხვევაში „კაიფის“ შემდგომი ეფექტები თავს იჩენს 24 სთ-ს განმავლობაში.

დამოკიდებულების პოტენციალი: ის, რომ პირველივე მოხმარებაზე ჰეროინზე დამოკიდებული ხდები, გადაჭარბებულია, თუმცა, მართალია, რომ ჰეროინი არის ძლიერი დამოკიდებულების პოტენციალის მქონე ნარკოტიკული საშუალება. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჰეროინზე შეიძლება მალევე განვითარდეს. ფიზიკური დამოკიდებულებაც საკმაოდ სწრაფად ვითარდება (სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით). ფიზიკური დამოკიდებულებისას ორგანიზმი ძალიან სწრაფად ეჩვევა განსაზღვრულ დოზას და მომხმარებლები მალევე საჭიროებენ მეტი და მეტი დოზის მიღებას იმავე ეფექტის მისაღებად.

როდესაც მომხმარებელი წყვეტს მოხმარებას ან დროულად არ მოიხმარს ჰეროინს, შესაძლოა განიცდიდეს აღკვეთის მდგომარეობის მწვავე სიმპტომებს (ე.წ „ცივი ინდაური“): მოუსვენრობა, შფოთვა, გაღიზიანება, ოფლიანობა და შეციება, ჟრუანტელი, გულისრევა (პირღებინება), სპაზმები მუცლის არეში, დიარეა, წყლიანი თვალები, გამონადენი ცხვირიდან, ტკივილი მხრებსა და ფეხებში, ძილის პრობლემები, ფეხების უკონტროლო მოძრაობა, ჰეროინისადმი ძლიერი ლტოლვა. ეს, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბოლო მოხმარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ და ყველაზე მწვავეა ორი-ოთხი დღის შემდეგ.

რ ი ს კ ე ბ ი

ხანმოკლე რისკები:

● მომხმარებელმა არასოდეს იცის, რამდენად სუფთაა ჰეროინი. ზედოზირება შესაძლოა გამოიწვიოს ჰეროინმა, რომელიც უფრო სუფთაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო ან არმოხმარების პერიოდის შემდეგ (მაგალითად, საპატიმროში ან დეტოქსიკაციის თერაპიაში ყოფნის პერიოდის შემდეგ) თუნდაც ჩვეული დოზის მიღებამ. მცირე დოზებიც კი შეიძლება იყოს ფატალური, თუკი ჰეროინი გაზავებულია ტოქსიკური ნივთიერებებით;

● როდესაც ადამიანს ჰეროინით ზედოზირება შეემთხვევა, სუნთქვა ნელდება ან წყდება. ამას შეუძლია შეამციროს ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც ტვინამდე აღწევს - ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპოქსია. ჰიპოქსიას შეიძლება მოჰყვეს ხანმოკლე და ხანგრძლივი ფსიქიკური ეფექტები და ზეგავლენა ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა კომა და ტვინის შეუქცევადი დაზიანება. ჰეროინის ზედოზირებისას გამოიყენება ნალოქსონი. ნალოქსონი მედიკამენტია, რომელიც ოპიატურ ზედოზირებას შველის, თუ გამოიყენება სწორი გზით. ის მუშაობს იმგვარად, რომ სწრაფად ებმის ოპიატურ რეცეპტორებს და ბლოკავს ჰეროინის, ასევე სხვა ოპიოიდური ნარკოტიკების ზემოქმედებას. ზოგჯერ საჭიროა ნალოქსონის ერთზე მეტი დოზის გამოყენება, რომ დაეხმაროს ადამიანს, განაახლოს სუნთქვა, ამიტომაც ძალიან მნიშნელოვანია პირის გადაყვანა სასწრაფო დახმარების სერვისში ან ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რომ საჭირო დახმარება მიიღოს.

● დოზის გადაჭარბების რისკ ფაქტორები: მაღალი დოზა (რომელსაც ორგანიზმი არ არის შეჩვეული), კომბინაცია ალკოჰოლთან ან საძილე/დამამშვიდებელ პრეპარატებთან;

● ჰეროინის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს უფრო დიდი ალბათობა აქვთ ავტოავარიაში მოყოლის;

● მომხმარებლები შეუმჩნევლად აყენებენ ზიანს საკუთარ თავს, რადგან ჰეროინი ტკივილის ყველანაირ შეგრძნებას აქრობს;

● ჰეროინის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობები, რომლებიც მწვავდება ან სისხლდენა. ინექციურმა მინარევებიანმა (დაბინძურებულმა) ჰეროინმა შეიძლება შეიტანოს სიბინძურე ვენებში და დააზიანოს ისინი. ის, ვინც იყენებს ბინძურ ნემსებს ან იზიარებს ნემსებს სხვა მომხმარებლებთან, B და C ჰეპატიტით, ასევე, აივ/შიდსით დაინფიცირების რისკის ქვეშ დგას. ამის თავიდან აცილებისთვის არსებობს შპრიცებისა და ნემსების დარიგების/გაცვლის პროგრამები;

● განსაკუთრებით სახიფათოა ჰეროინის მოხმარება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან ამასთან სერიოზული რისკებია დაკავშირებული: ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ნერვული სისტემის პათოლოგიები და ზრდის შეფერხება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი, ჩვეულებრივ, პატარა და დაბალწონიანია დაბადებისას და მეტად მოწყვლადი დაავადებებისა და ინფექციებისადმი. მას ხშირად ცუდად სძინავს და უფრო მაღალია სიკვდილის რისკი;

● თუ დედა მოიხმარს ჰეროინს მშობიარობამდე, ბავშვი დაბადების დროისთვის უკვე დამოკიდებულია მასზე და აღენიშნება აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომები;

● თუ დედა დამოკიდებულია ჰეროინზე, არ არის რეკომენდებული, რომ ორსულობის პერიოდში მოულოდნელად შეწყვიტოს მისი მოხმარება. აღკვეთის მდგომარეობამ შესაძლოა, გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა. ეს დიდად ზრდის თვითნებური აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს. უმჯობესია დედა ამაზე ესაუბროს ექიმს ან მეან ქალს და მათი სუპერვიზიის ქვეშ იმოქმედოს. მაგალითად, მათ შეიძლება დედას შესთავაზონ ჩამანაცვლებელი მედიკამენტი, როგორიცაა მეთადონი ან ბუპრენორფინი.

ხანგრძლივი რისკები

● ჰეროინის მოხმარებას ხშირად თან ერთვის საკუთარი თავისადმი დაუდევრობა, როგორიცაა ცუდი კვება და უწესრიგო ცხოვრების წესი. ეს გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ის, ვინც წონას კარგავს, ჩვეულებრივ, ნაკლებად მდგრადია დაავადებებისა და ინფექციების მიმართ;

● ინსომნია;

● კოლაფსირებული (დახურული) ვენები ინექციურ მომხმარებლებში;

● ცხვირის დაზიანებული ქსოვილი შეყნოსვით მომხმარებლებში;

● გულის სარქველების ინფექცია;

● აბსცესები (შეშუპებული ქსოვილი, რომელიც ამოვსებულია ჩირქით);

● ყაბზობა, ნაწლავური პრობლემები და კუჭის სპაზმი;

● ღვიძლის და თირკმლის დაავადებები;

● ფილტვის გართულებები, პნევმონიის ჩათვლით;

● ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა დეპრესია და ანტისოციალური პიროვნების აშლილობა;

● სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში;

● არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ქალებში (დარღვევა ან სულაც შეწყვეტა);

● შესაძლოა, გამოიწვიოს ტკივილის მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა;

● ის, ვინც ჰეროინზე დამოკიდებულების მქონეა, ხშირად ფინანსური, ურთიერთობების სახის და სოციალური/სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგება;

● ჰეროინი ხშირად შეიცავს დანამატებს, როგორიცაა შაქარი, სახამებელი ან რძის ფხვნილი, რომელთაც შეუძლია დაბლოკონ ვენები, რომლებიც ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელში ან ტვინში მიემართება, რამაც შესაძლოა, შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.

რისკის შემცირება

● ახალი სტერილური საინექციო საშუალებების გამოყენება დაგიცავს აივ/შიდსის და სხვა ჰეპატიტებისგან. ასევე აბსცესებისგან და კანის სხვა ინფექციებისგან. გამოიყენე ყოველ გაკეთებაზე ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი, სტერილური კოვზი, ახალი საინექციო წყალი და ბამბა, რომელთა მიღებაც შეგიძლია ზიანის შემცირების ცენტრებში;

● რეკომენდებულია გყავდეს ისეთი დილერი, რომელსაც ენდობი და ნარკოტიკული საშუალების შეძენისას დარწმუნდი მის ხარისხში;

● თუკი შენ მიერ შერჩეული მოხმარების გზა მოცემულ სიტუაციაში საფრთხის შემცველია, რეკომენდებულია სცადო სხვა მოხმარების უსაფრთხო გზა. მაგალითად, შეგიძლია მოიხმარო შეყნოსვით თუ არ გაქვს სტერილური საინექციო ინსტრუმენტები ან ცუდი განათების გამო ვენის მოძებნა გიჭირს;

● შეყნოსვის გზით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ღრუს დაზიანება. გრძელვადიანი მოხმარების დროს შესაძლოა გაჩნდეს ხვრელი ცხვირის ღრუში არსებულ მთავარ ხრტილში. შეყნოსვისას აუცილებლად გამოიყენე სუფთა ზედაპირი. ასე შეამცირებ სინუსის ინფექციებს;

● მოხმარების გზებს შორის ინექციური მოხმარება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი. რეკომენდებულია შეამცირო კანში და კუნთში ინექცია თუკი ჰეროინის დოზა სრულად არ იხსნება წყალში მას შემდეგ რაც ლიმონმჟავას დაამატებ. ასეთი ხსნარის გაკეთებამ შესაძლოა გამოიწვიოს აბსცესის განვითარება (თუ ინექციის ადგილის გარშემო შეწითლებულია, შესიებულია და გრძნობ, რომ გიხურს, აუცილებლად მიმართე ექიმს);

● დარწმუნდი, რომ ნემსი მოახვედრე ვენაში სანამ ინექციას გაიკეთებ.

ზ ე დ ო ზ ი რ ე ბ ი ს შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი ს მ ა რ თ ვ ა

ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნები:

• მკვეთრად შევიწროვებული თვალის გუგები

• სუნთქვა - ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება

• პულსი - ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება

• მკრთალი და წებოვანი კანი

• გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები

• ძლიერი ძილიანობა

• გულისრევა და ღებინება

• გონების დაკარგვა - ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე

პირველადი დახმარება ჰეროინით ზედოზირებისას:

თუ ზედოზირება შეგემთხვა შენ:

და გაქვს ნალოქსონი - შეიყვანე 1-2 მლ. ხსნარი კუნთებში, დუნდულებში, მხარში ან ბარძაყში, გარეთა ზედა კვადრატში.

თუ არ გაქვს ნალოქსონი:

● გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება

● გააღე ბინის კარი (თუ სასწრაფოს მოსვლამდე კარგავ გონებას, ხოლო კარი აღმოჩნდება დაკეტილი, ექიმები უბრალოდ ვერ შევლენ ბინაში).

● შეეცადე არ დაიძინო -იმოძრავე, ისაუბრე ხმამაღლა და ა.შ.

თუ ზედოზირება შეემთხვა სხვას:

● გაარკვიე არის თუ არა გონზე ადამიანი

● გაათავისუფლე დაზარალებული ვიწრო ტანსაცმლისგან

● არ მისცე დაძინების საშუალება - ხმამაღლა ელაპარაკე, გაულაწუნე ლოყაზე, უჩქმიტე ყურის ბიბილოზე.

● თუ ამის შედეგად ადამიანი გონზე მოვიდა, აიძულე დადგეს ფეხზე, იმოძრაოს - არ მისცე დაძინების საშუალება!

● თუ პიროვნება კარგავს გონებას, არ რეაგირებს დაძახებაზე და ტკივილზე, ძლიერ შენელებულია სუნთქვა (10-ზე ნაკლები წუთში) და არასტაბილურია გულისცემა - გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება! არ დაკარგო დრო შენით პრობლემის მოგვარებაში!

● თუ თან გაქვს ნალოქსონი - შეიყვანე 1-2 მლ. ხსნარი კუნთებში (დუნდულებში, მხარში ან ბარძაყში, გარეთა ზედა კვადრატში).

● არ დატოვო ადამიანი უმეთვალყურეოდ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს

სუნთქვა;

● აკონტროლე მისი სუნთქვა და ცნობიერება (პასუხობს შენს კითხვებს თუ არა);

● არ მოათავსო ზედოზირებული ცივი წყლის აბაზანაში - ის შეიძლება უბრალოდ

დაიხრჩოს;

● არ გამოიწვიო პირღებინება, რადგან შეიძლება მოხდეს პირნაღები მასით სასუნთქი

გზების დახშობა:

● ნუ მისცემ საკვებს და სასმელს, მით უფრო ალკოჰოლს, ყავას ან ჩაის, რადგან შეიძლება

განვითარდეს პირღებინება;

● არ გაუკეთო მარილიანი წყლის ინექცია.

თუ დაკარგა გონება და შენს შეკითხვებზე არ პასუხობს, არ რეაგირებს ტკივილზე, როცა

უზელ ყურის ბიბილოებს, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავს (მოუსმინე მის ცხვირთან სუნთქვას, შენს ლოყაზე შეიგრძენი მისი სუნთქვა, დააკვირდით მის გულმკერდს, სუნთქვისას მოძრაობს თუ არა) მოათავსე უსაფრთხო პოზაში:

თუ დაზარალებული არ რეაგირებს, არ პასუხობს შენს შეკითხვას და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯერ კიდევ არ ჩანს, დაიწყე გულ-ფილტვის რეანიმაცია, მიჰყევი CAB ინსტრუქციას.

C-კომპრესია: აღადგენს სისხლის მოძრაობას

  1. მოათავსეთ დაზარალებული მაგარ ზედაპირზე - იატაკზე/ასფალტზე, ისე რომ იწვევს ზურგზე. შეუხსენით ქამარი, მოჭერილი ბლუზი, გაუთავისუფლეთ გულმკერდი ზედმეტად მოჭერილი ტანსაცმლისგან, შეუხსენით ღილები;
  2. ჩაიმუხლეთ მის კისერთან და მხრებთან;
  3. მოათავსეთ თქვენი ხელის მტევანი მისი მკერდის ძვალზე;
  4. მეორე ხელის მტევანი ზემოდან დაადეთ და ჩაჭიდეთ თქვენსავე ხელის მტევანს, რომელიც მოთავსებულია მკერდის ძვალზე; გაშალეთ ხელები იდაყვში, ისე რომ შეინარჩუნოთ ხელები გაშლილ მდგომარეობაში და წამოწიეთ მხრები ხელების ზემოთ;
  5. თქვენი სხეულის წონის გამოყენებით (და არა ხელების, არ მოხაროთ იდაყვში) დააწექით გულმკერდს (კომპრესია) ძლიერად ისე რომ დაახლოებით 5 სმ-სიღრმის ზეწოლა განახორციელოთ, მაგრამ აკონტროლეთ ზეწოლის სიღრმე, იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 სმ-ს. განახორციელეთ კომპრესია წუთში 100-120 ჯერ. დარწმუნდით, რომ კომპრესიებს შორის გულმკერდი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას (მოძრაობს ზემოთ).
  6. თუ თქვენ არ ხართ გულ-ფილტვის რეანიმაციაში ტრენირებული, გააგრძელეთ გულმკერდის კომპრესია მანამ სანამ დაზარალებული არ ამოძრავდება ან ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვა. თუ თქვენ ხართ ტრენირებული გულ-ფილტვის რეანიმაციაში, შეამოწმეთ სუნთქვა და გადადით ხელოვნურ სუნთქვაზე.

A-აერაცია: სასუნთქი გზების გასუფთავება

  1. თუ თქვენ ხართ ტრენირებული გულ-ფილტვის რეანიმაციაში და განახორციელეთ 30 ზეწოლა გულ-მკერდზე, გახსენით და შეამოწმეთ აერაცია შუბლ-ნიკაპის აწევის მანევრით (ეცადეთ ერთი ხელისგულის შუბლზე მსუბუქი ზეწოლით გადაწიოთ თავი უკან, ხოლო მეორე ხელის საჩვენებელი და შუა თითის დახმარებით, ნიკაპის ქვემოდან ზემოთმიმართულებით წამოწიოთ ქვედა ყბა) საჰაერო გზის გათავისუფლების მიზნით.
  2. შეამოწმეთ სუნთქვა, რისთვისაც არ დაკარგოთ 5-10 წამზე მეტი. შეხედეთ გულ-მკერდის მოძრაობას, მოისმინეთ ნორმალური სუნთქვის ხმა და შეიგრძენით სუნთქვა თქვენს ყურთან და ლოყასთან.

ხმაურიანი ჩასუნთქვა/ხრიალი არ ითვლება ნორმალურ სუნთქვად. თუ დაზარალებული არ სუნთქავს ნორმალურად და თქვენ ტრენირებული ხართ გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებაში, დაიწყეთ პირით-პირში ხელოვნური სუნთქვა. თუ თქვენ გიჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა დაზარალებულმა ცნობიერება დაკარგა გულის შეტევის გამო და არ ხართ ტრენირებული სასწრაფო დახმარების გაწევაში, გამოტოვეთ პირით-პირში ხელოვნური სუნთქვის ეტაპი და გააგრძელეთ გულმკერდზე კომპრესიები.

B- სუნთქვა: ისუნთქეთ ადამიანისთვის

  1. დამხმარე სუნთქვა შეიძლება განხორციელდეს პირით-პირში ჰაერის ჩასუნთქვით ან პირით-ცხვირში ჩასუნთქვით, თუ კი რაიმე მიზეზით პირის ღრუ დაზიანებულია ან ვერ მოახერხეთ მისი გახსნა.
  2. შუბლ-ნიკაპის მანევრის გამოყენებით გახსნილი პირის ღრუ დაფარეთ თქვენი პირით სრულად, მოუჭირეთ თითებით ცხვირის ნესტოებს, რომ დაიბლოკოს ჰაერის ცხვირიდან გამოსვლა.
  3. მოემზადეთ რეანიმაციული/დამხმარე სუნთქვისთვის. ერთი წამის განმავლობაში მიაწოდეთ დამხმარე/რეანიმაციული სუნთქვა და შეხედეთ თუ წამოიწევს ზემოთ გულმკერდი. თუ კი გულმკერდი ზემოთ წამოიწევს მიაწოდეთ მეორე დამხმარე სუნთქვაც. თუ გულმკერდი ზემოთ არ წამოიწევს, გაიმეორეთ შუბლ-ნიკაპის მანევრი, რათა გაათავისუფლოთ საჰაერო გზები და მხოლოდ შემდეგ მიაწოდეთ მეორე რეანიმაციული/დამხმარე სუნთქვა. 30 გულმკერდის კომპრესია და ორი დამხმარე სუნთქვა ითვლება ერთ ციკლად. მიაქციეთ ყურადღება რომ არ მიაწოდოთ უფრო მეტი დამხმარე ან ფორსირებული სუნთქვა.
  4. განაახლეთ გულმკერდის კომპრესია ცირკულაციის აღდგენისთვის.
  5. თუ დაზარალებული არ გამოძრავდება 5 ციკლის შემდეგ (დაახლოებით წუთში) და ავტომატური გარე დეფიბრილატორი (Automated External Defibrillator- AED) ხელმისაწვდომია, გამოიყენეთ იგი და მიჰყევით მის ინსტრუქტაჟს. მოათავსეთ ავტომატური გარე დეფიბრილატორი მის გულ-მკერდზე და მიაწოდეთ ერთი შოკი, შემდეგ განაახლეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია კომპრესიის დაწყებით - 2 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ მიაწვდით მეორე შოკს. თუ თქვენ არ ხართ ტრენირებული დეფიბრილატორის გამოყენებაში, შესაძლოა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე სატელეფონო ოპერატორი დაგეხმაროთ მის გამოყენებაში. თუ დეფიბრილატორი ხელმისაწვდომი არ არის გადადით მეხუთე პუნქტზე
  6. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რენიმაცია მანამ სანამ არ არის მოძრაობის მსგავსი რაიმე ნიშანი ან არ მოვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს“.